ბალტიის რეგიონში, ბოლო ასი წლის განმავლობაში, ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, - ამის შესახებ Euronews-ი წერს.
Rail Baltica-ს 870-კილომეტრიანი სარკინიგზო პროექტი ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის დედაქალაქებს ვარშავასთან და დანარჩენ ევროპასთან დააკავშირებს.
„ევროკავშირისთვის, ეს არის განაცხადი, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნების ევროპაში დააბრუნებს და საბჭოთა წარსულიდან გამოყოფს“, - წერს Euronews-ი.
ამჟამად, ლიეტუვის დედაქალაქიდან ესტონეთში ჩასვლას შვიდი საათი სჭირდება, ახალი სარკინიგზო ხაზი კი ამ დროს თითქმის გაანახევრებს და მგზავრობას მხოლოდ 3 საათი და 38 წუთი დასჭირდება.
რკინიგზის ხაზის ათვლის წერტილი ტალინი იქნება, გაივლის პიარნუს (ესტონეთი), რიგას (ლატვია), პანევეჟისს (ლიეტუვა), კაუნასს (ლიეტუვა) და მიაღწევს ლიეტუვა-პოლონეთის საზღვრამდე. ასევე, ერთმანეთს დაუკავშირდება ვილნიუსი (ლიეტუვა) და კაუნასი (ლიეტუვა).
„პროექტის დასრულების შემდეგ, მატარებლები პოლონეთიდან ბალტიისპირეთში გადაადგილებას შეძლებენ, სამგზავრო მატარებლები მაქსიმუმ 234 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებენ“, - წერს Euronews-ი.