ირანში ზნეობის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის ქალის გარდაცვალებას პროტესტები მოჰყვა. BBC-ის ცნობით, შემთხვევა დედაქალაქ თეირანში მოხდა.
თვითმხილველების განცხადებით, ზნეობის პოლიციის წარმომადგენლებმა 22 მაჰსა ამინი მანქანაში ჩასვეს და სცემეს. პოლიციაში ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალი „მოულოდნელად გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო გარდაიცვალა“.
თეირანის პოლიციაში აცხადებენ, რომ მაჰსა ამინი ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო იყო დაკავებული. დაკავების დროს ქალს თან ახლდა ძმა, რომელსაც უთხრეს, რომ პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ მაჰსა ამინს გაათავისუფლებდნენ.
მაჰსა ამინის ოჯახი ამბობს, რომ ის სრულიად ჯანმრთელი იყო და არ ჰქონდა ისეთი ჩივილები, რაც გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო უეცარ სიკვდილს გამოიწვევდა. არსებული ინფორმაციით, მაჰსა ამინი დაკავების შემდეგ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვალებამდე ახალგაზრდა ქალი კომაში იყო და გადაიტანა ინსულტი.