პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქართულად

პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქართულად

პოლიტიკური პასუხისმგებლობა - გაეროს წესდების თანახმად - საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთერთი სახეა, რაც გამოიხატება სატისფაქციის (მორალური ზიანის ანაზღაურება, რაც ვერ ნაზღაურდება რესტიტუციითა და კომპენსაციით), რეპრესალიის (სანქციების) სახით - ეს ეხება სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს, ან მთავრობის კონსტიტუციურ პასუხისმგებლობას პარლამენტის წინაშე, ან მთავრობის იძულება კანონიერებისადმი.

 და, მაინც, საქართველოს შემთხვევაში ...

1988 წლიდან, ეროვნულმა მოძრაობამ, სახალხო ფრონტმა და ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ კომუნისტებს პასუხი მოთხოვა. გლდანის რაიკომის მდივანი ჯვარს ვაცვით 30-50 წლებში გასხვისებული ლორე, სოჭი, ჩრ.კავკასიისა და საინგილოს გამო. არადა, არ იყო ცუდი კაცი, ფული უყვარდა მხოლოდ, სხვათა შორის -სამშობლოც... რა თქმა უნდა 37-ანი რეპრესიებიც ”ავკიდეთ”. კი იხადა ბოდიშები... და ეროვნული მოძრაობისთვის ხელი არ შეუშლია, პირიქით - ”ეხმარებოდა”.

რაიკომის მდივნის ბოდიშები კი მივიღეთ ”პოლიტიკურ პასუხისმგებლობად” , მაგრამ ”ზვიადიზმს” ამოფარებული ურაპატრიოტების თუ შეგზავნილი აგენტურის წყალობით ერთმმართველად ”მრგვალი მაგიდა” დაგვისვეს. რა თქმა უნდა, არაპროფესიონალიზმისა და პატრიოტული ეიფორიის ფონზე ავიმხედრეთ ოსები და აფხაზები (სიამოვნებით ავყევით კგბ-ს პროვოკაციებს), ვაგინეთ არა მარტო არაეთნიკურ ქართველებს, რუსეთს და ამერიკასაც, არამედ დარტყმის ქვეშ აღმოვჩნდით ”არამრგვალი” პატრიოტებიც, გლდანის მაჟორიტარმა პატრიოტმა სირინოზმა და თვით პირველმა ლიდერმაც, სულ ”კგბ-ს აგენტები და პროვოკატორები” გვეძახა. არადა მათ გარშემო მყოფმა ”მაგეთებმა” შექმნეს ხუნტა და სამოქალაქო ომი, რა თქმა უნდა პროცესმა ჩაითრია ”მესამე პოზიციის”, ანუ მართლა პატრიოტი და მეტნაკლებად საღად მოაზროვნე ქართველები...

და მოხდა ის რაც მოხდა, ძმებმა ძმებს გამეტებით თუ დანდობით დავუშინეთ, მტერი გავახარეთ. ფაქტია, 92-ში შევარდნაძის დაბრუნებამ საქართველო გადაარჩინა სრულ გრძელვადიან ქაოსს. პოლიტიკური პასუხისმგებლობა განვითარებული მოვლენებისადმი, წესით, მმართველ გუნდს უნდა აეღო  (კიტოვანიც იმ გუნდმა აღაზევა და არა პოლიტიკურმა ოპოზიციამ)...

რას ამბობთ - დღესაც გაიგონებთ ”კანონიერი ხელისუფლების” აღდგენის მოთხოვნებს!..

შევარდნაძის მართლაც კორუმპირებული მმართველობის სისტემამ (რომელიც პრაქტიკულად არ შეცვლილა ნაცების პერიოდში, მათ უბრალოდ სისტემის ლეგიტიმიზაცია და დახვეწა მოახდინეს) რა თქმა უნდა ”საქართველო ვერ გააბრწყინა”, მაგრამ ასეა თუ ისე, აარიდა რუსეთის ექსპანსიურ აგრესიას, ოსურ, აფხაზურ ქართული კონფლიქტი პრაქტიკულად განმუხტა (რასაც ვწერ საკუთარ ტყავზე მაქვს გავლილი და ხელსაც ვაწერ). ჩაშალა ჩეჩნური, ჯავახეთის და სხვა პროვოკაციები. მაგრამ დაგვიბერდა ბეწვის ხიდზე მობალანსე ჰომოსოვეტიკუსი ბაბუ, არც ”ზაგრანიცელ” ბიძიებს აწყობდათ აფხაზეთის ზონის გახსნა, რის შედეგადაც რუსეთი აღადგენდა ჩრდილო-სამხრეთ ღერძის კომუნიკაციას... და აბჯარაყრილ ბებერ ბაბუსთან შეთანხმებით 2003-ში მორიგი ექსპერიმენტი ჩაგვიტარეს რუსებმაც და ”ზაკარდონნებმაც” - ”ვარდების რევოლუციის” სახით. შევარდნაძის რეჟიმის პოლიტიკური შეფასება არ მომხდარა და პასუხისმგებლობას ალბათ ათეული წლების მერე მოვთხოვთ ბაბუს, რომელმაც თურმე მემუარებში დაიბარა - ”გადაბრუნებული დამმარხეთ, ”იმ ადგილზე” ადვილად რომ მაკოცოთო”.

შევარდნაძის კაბინეტიდან გამოსულმა, ღიმილიანმა, დაბნეულმა ”სამეულმა” გადაიბარა ”ქართვლის ბედი” და ”მომავლის ბრწყინვალებით” აღფრთოვანებულმა ბურჯანაძემ - ”ყველაფერზე პასუხისმგებლობას ჩვენ ვიღებთ”- ო (ნეტა, ბოლო მალის უჯრედში მაინც თუ ეგუმანებოდა 26 მაისი?).

მიცვალებულის პასუხისმგებლობის რა მოგახსენოთ (უფალმა შეუნდოს), მაგრამ 6 წელი პარლამენტის სპიკერობის, ორჯერ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ამდენი სიყალბის შექმნისა თუ კონსტიტუციის გაუპატიურების, მიტინგების დარბევის თანამონაწილეობის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას -ჩამორთმეული რეგალიები, თუ ერთლარიანი აპარტამენტები, ქუჩიდან ოპონირება, დამცირება და ხალხს ამოფარებული სისხლიანი პროტესტი აკომპენსირებს ვითომ? ქართველებს უწინ კარგი ადათი ჰქონდათ - ”ჩაჭრილ” დედოფლებს მონაზვნად ამწესებდნენ, რა გინდ ჭკვიანიც არ უნდა ყოფილიყო. (რძალო გეუბნებიან და მულო გესმოდესო, იგივე ეხებათ, შემდგომ ”რეპრესირებულ” ნაცმოძის აქტივისტებსაც... ოქრუაშვილი (და კომპანია) მგელი იყო თუ მგლის ფერი ძაღლი, რა მნიშვნელობა აქვს?)

და აი, უკვე მივადექით დღევანდელ, მორიგ აქტუალურ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას.

ფრიად ცბიერნი და განსწავლულნი აღმოჩნდნენ ”ბუშის” პროექტანტები. მართალია ნაკითხობა და განათლება სხვადასხვა რამეა, მაგრამ ბუშის ქართული ბუქნაობა და ხინკლის სიყვარული, მაკკეინის ომახიანი მხარდაჭერა, ევრო ხალხოსნების ლეგიტიმურად მოქრთამვა ”ლობისტობა”, ”კომპრომატების” არქივები თვით დიპლომატებზე და საეკლესიო ჩინებზე... ფრიად ძვირი დაუჯდათ ქართველებს.

”მიშა მოვდივარ”-მა ვერ გაჭრა, ბუშის ერთმა წინასწარმა მილოცვამ გადასწონა 250 ათასი ქართველის, დელიკატურ-ჰუმანური მრავალი მიტინგი. ერთი - გამწარებული დედის სულის კივილმა კი შეიტანა ბზარები აღზევებული ”ცახესების” მინის ტახტრევანებში... და დაიწყო პროცესი.

ქართველნი არა ვართ ფრთიანი ანგელოზები. რუსებს რა დაესიზმრებოდათ, რასაც ჩვენ შევსძლებდით მათ ადგილას რომ ვყოფილიყავით?! არადა, ვერ წარმომიდგენია, ვაჟაზე აღზრდილებს ამდენი სიბილწე თუ შეგვეძლო... მოდით, არაქართველობას ნუ დავაბრალებთ. ერეკლეს მეზარბაზნეთა სომეხი ათისთავი საკუთარ ზარბაზანს გადააკლეს სპარსებმა და ორჯონიკიძის მეწინავეებმა ტაბახმელაზე 17 წლის ისრაელიანიც წამოაცვეს ხიშტს. არაფერს ვამბობ სომეხ ჯინოს ბიჭებზე ცხინვალ - სოხუმში... კიდევ კარგი, არ და ვერ შევეგუეთ; კიდევ კარგი, რომ პატრიარქი და ძლიერი ქართველები გვყავს - ადამიანები, რომლებიც ქართულ სულის კივილს შემოუერთდნენ. ჰოდა დღეს გაბაწრულ ეშმას კბილებს ვაძრობთ. ”კოჰაბიტაცია”-ს ალბათ ”პოლიტიკური პასუხისმგებლობა” უნდა დავუპირისპიროთ და საქართველოს ისტორიაში სამართალს პური ერთხელ მაინც უნდა ვაჭამოთ.

როგორც სულ თავში აღვნიშნე, პოლიტიკურ პასუხისმგებლობა გულისხმობს სატისფაქციას, რეპრესალიას და ბევრ უცხოტერმინოვან სანქციებს. ქართულად ყველაფერ ამას - სამშობლო , წესიერება და ”ბედი მდევარი” ეწოდება, ალბათ.

”ახ ერ მოძ”-ის ქალბატონების ისტერიული ქოთქოთი და თავზე მორიდებული ნაცრის ყრა, ვერ შეცვლის ამდენ პატივაყრილი ადამიანების შურისგებასა თუ დამსხვრეულ ცხოვრებას. ეს უტიფარი ”ცნობადი გვამები” უნდა მოსცილდნენ საზოგადოების მხედველობას. ქმედებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, დანაშაულის მორალურ-იდეოლოგიური მხარდაჭერის პასუხისმგებლობა, ქონების კონფისკაცია და პოლიტიკურ-საზოგადოებრივი საქმიანობის შეზღუდვა - ალბათ ეს ის მინიმუმია რაც სამართლებრივად მათ დაიმსახურეს. თუმცა ეს ყველაფერი, ჩვენი ცხოვრებიდან ამოხეულ ცხრა (თუ 25?) წელს ვერ ჩაანაცვლებს.

P.S ეს ყოველივე ზემოხსენებული, ერთ ტკივილიან სამართალ წიაღსვლად ჩაითვლებოდა ალბათ, რომ არა კიდევ ერთი გულისტკივილი -

გიგა ბოკერია - შენ ის გაჩხინკული ბიჭი არ იყავი ? 90-ბში ზვიადისტები რომ გადაგირჩენია? შენ ის მოხალისე არ იყავი, კოდორის წყლები რომ გიყლაპავს და ღამის ჩასაფრებებში სანგარის ტალახში რომ იწექი? ყარყარას 300 კაცის გადმოყვანისას შენც არ იდექი იმ ტიაგაჩზე?

გია ბარამიძე - გახსოვს, შარტავას გამოსაყვანად რომ წავედით? იმ ღამეს სინოპში საბავშვო ბაღის საწოლებში გვეძინა ხუთ ”ორბელს” ერთად, აგუძერაში ბოლო ღამე გავატარეთ აფხაზეთში, შენ ბიჭებთან ერთად სვანეთისკენ წახვედი...

რა დაგემართათ, ბიჭებო?!

P.P.S ეეჰ, მე მგონი ცოტა დავბერდი კიდეც და ”კამუ ია ნახერ ნუჟენ”... წავედი ჩემს შვილიშვილს ჩავუწვები, ზეგ 5 წლის ხდება...

(ღამის თუ დილის 5 საათი, 22 ივნისი, 2013 წ)