ერმაკის და მაკფოლის კომისიამ გამოაქვეყნა სრულიად დაუსაბუთებელი სია. არანაირი არგუმენტი იმისა, რომ ვინმეს ამ სიაში მყოფთაგან უნდა დაუწესდეს კონკრეტული მიზეზის გამო სანქციები, არ არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„ამ რეალობის იქით არსებობს კიდევ უშველებელი პრობლემა და ამ პრობლემასთან დაპირისპირებული მთელი მსოფლიო, რასაც რუსეთის აგრესია ჰქვია. „ნაცმოძრაობა“ კი ცდილობს, რომ ამ დაპირისპირების ფონზე, ამ ამღვრეულ წყალში იქნებ, როგორმე თავისთვის სასურველი პოლიტიკური თევზი დაიჭიროს. ყველა სიბინძურეს იყენებს იმისთვის, რომ თავის მიზანს მიაღწიოს“, - აცხადებს ვოლსკი.
„ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია იმ სიის შედგენაში, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა“, - ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანის ირაკლი ჩიხლაძის შეკითხვას, ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს სხვა, რამდენიმე მოქალაქისთვის, სანქციების დაწესების მოწოდებასთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში ის ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ეხება, მომზადებულია ამერიკელ პარტნიორებთან ერთად.