სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უკვე 2 დღეა მოქმედებს, თუმცა ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია. როგორც გაეროში სომხეთის ელჩმა საფრანგეთის ინიციატივით გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, აზერბაიჯანი მორიგ შეტევას ამზადებს, რითაც ნახიჩევანის მიმართულებით აგრესიის გაფართოებას და სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე დერეფნის შექმნას გეგმავს. აზერბაიჯანის ელჩმა კი ვითარების დესტაბილიზაციასა და პროვოკაციებში სომხეთი დაადანაშაულა.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ მდგომარეობას უახლოეს დღეებში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მისია შეისწავლის. ამ საკითხზე დღეს სავარაუდოდ ვლადიმერ პუტინი და ილჰამ ალიევიც იმსჯელებენ.

ერევანში კი ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციები გრძელდება. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას აზერბაიჯანთან კაპიტულაციაში ადანაშაულებენ და პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მოითხოვენ. ისმის სამთავრობო შენობების დაბლოკვის მოწოდებებიც. ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ერევანში ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის შესახებ, რაც ოფიციალურად არ დადასტურებულა.