მსოფლიო თანამეგობრობა მხარს უჭერს უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, მის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, შეერთებული შტატები თავიდანვე მხარში ამოუდგა უკრაინას.
„ჩვენ ვიღწვით მშვიდობის აღსადგენად. პუტინმა დაიწყო ეს ომი და ჩვენ მთელი ძალისხმევით ვცდილობთ რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ მშვიდობა და სტაბილურობა უკრაინასა და მთელ რეგიონში, რადგან უკრაინელები იბრძვიან საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად. ისინი იბრძვიან თავისი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. შეერთებული შტატები მხარში უდგას უკრაინას და განაგრძობს მის მხარდაჭერას, რადგან უკრაინა იბრძვის იმ ცხოვრების წესისათვის, რამაც სტაბილურობა და კეთილდღეობა მოუტანა ევროპის უმეტეს ნაწილს ბოლო სამოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში. ამის დაცვა ღირს. უკრაინელები უდავოდ გასაოცარი სიმამაცით, სიმტკიცითა და შეუპოვრად იცავენ საკუთარ სამშობლოს. შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ ისინი იმსახურებენ მხარდაჭერას“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.