„ქვეყნიდან გამსვლელთა რაოდენობა წინა ხელისუფლებასთან შედარებით, თითქმის ოთხჯერ შემცირდა“

„ქვეყნიდან გამსვლელთა რაოდენობა წინა ხელისუფლებასთან შედარებით, თითქმის ოთხჯერ შემცირდა“

ბოლო ათწლეულში ემიგრაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2021 წელს დაფიქსირდა. ამის მიზეზი პოსტპადემიური პერიოდია და არა სხვა ფუნდამეტური ფაქტორი. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის გადინების თვალსაზრისით ვითარება ქვეყანაში საგანგაშოა.

მიმოხილვაში „ემიგრაცია და ფულადი გზავნილების ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე“ აღნიშნულია, რომ უკანასკნელ ათწლეულში საქართველოდან ემიგრაციული ნაკადები შესამჩნევი იყო, ხოლო ეკონომიკური დამოკიდებულება ფულად გზავნილებზე - მაღალი. კერძოდ, 2012 წლიდან 2017 წლამდე ემიგრაციული ნაკადი საქართველოდან 6%-ით შემცირდა და 85 ათასი ადამიანი შეადგინა. ამ პერიოდში საშუალოდ მიგრაციული სალდო -7 ათასი იყო. 2018 წლიდან ემიგრაციული ნაკადები გაიზარდა და 2019 წელს 105 ათასს მიაღწია (გაანალიზებულ პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი).

როგორც კვლევაშია აღნიშნული, სხვა ფაქტორებთან ერთად, 2018 წლიდან ემიგრაციული ნაკადის ზრდა შესაძლოა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2017 წელს დადებულმა ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებამ განაპირობა.

„2018 წლიდან 2021 წლამდე საშუალოდ მიგრაციული სალდო -7 ათასი იყო. 2020 წელს, პანდემიისა და მოგზაურობის შეზღუდვების გამო, ემიგრაციული ნაკადი 74 ათასამდე შემცირდა და გაანალიზებულ პერიოდში ერთადერთი დადებითი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა (16 ათასი). თუმცა, 2021 წელს ემიგრაციული ნაკადი 100 ათას ადამიანამდე გაიზარდა და ბოლო ათწლეულში ყველაზე დაბალი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა (-26 ათასი).

2010 წლიდან 2020 წლამდე საქართველოდან ემიგრაციაში წასული ადამიანების ჯამური რაოდენობა 7%-ით გაიზარდა და 861 ათასი ადამიანი შეადგინა - ქვეყნის მოსახლეობის 23%. ქართველი ემიგრანტების მთავარ მიმღებ ქვეყნად რუსეთი რჩება (450 ათასი ადამიანი), რომელსაც მოჰყვება საბერძნეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი, 85 ათასი, 65 ათასი და 49 ათასი ადამიანით, შესაბამისად. გაანალიზებულ პერიოდში მთავარ მიმღებ ქვეყნებს შორის ემიგრანტების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა აშშ-ში (77%), იტალიასა (60%) და სომხეთში (47%)“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

2021 წლის მიგრაციის სტატისტიკაზე განსაკუთრებით კორონავირუსის გამო გამოწვეულმა ვითარებამ იმოქმედა. ის ემიგრანტები, რომლებიც 2020 წელს პანდემიის შიშით სამშობლოში დაბრუნდნენ, 1 წლის თავზე ქვეყნიდან ისევ გაიქცნენ. დემოგრაფმა თამარ ჩიბურდანიძემ დააზუსტა, რომ ემიგრანტთა რეალური რაოდენობამ 2021 წელს 25 966 შეადგინა.

„მინდა განვმარტო, რომ ქვეყნიდან გასულთა საერთო რაოდენობა არ არის ემიგრანტთა რაოდენობა. ემიგრანტთა რაოდენობა ითვლება გასულსა და შემოსულს შორის სხვაობით. გასულ წელს ქვეყნიდან გასულთა საერთო რიცხვი არ არის ემიგრანტთა რაოდენობა. მონაცემი ითვლება გასულსა და შემოსულს შორის სხვაობით. საერთაშორისო სტანდარტებით, ემიგრანტად ითვლება ის პირი, ვინც ქვეყნიდან გადის და ერთი წლის განმავლობაში უკან არ ბრუნდება.

ციფრები, რომელიც მოჰყავთ, არის 2021 წელს საქართველოდან მხოლოდ გასულთა რაოდენობა და არაფერია შემოსულთა რაოდენობაზე. სტატისტისკის მიხედვით, 2021 წელს საქართველოდან გავიდა 99 974 კაცი, ხოლო შემოვიდა 74 008 კაცი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ემიგრანტთა რეალური რაოდენობა 2021 წელს არის 25 966. ამ ციფრებში შედიან ქვეყნის ოფიციალური პირებიც, დეპუტატებიც, სპორტის, განათლების, კულტურის და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც.

შედარებისთვის გაწვდით ასევე მიგრაციის მონაცემებს სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში და „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში: 2004-2012 წლებში უარყოფითი მიგრაციული სალდო 221 214-ს შეადგენს, 2013-2021 წლებში ეს მაჩვენებელი 63 981-ია, ანუ ქვეყნიდან გამსვლელთა რაოდენობა წინა ხელისუფლებასთან შედარებით, თითქმის ოთხჯერ შემცირდა“, - აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძემ.

ემიგრაცია საქართველოსთვის ერთ-ერთი წამყვანი სოციალური საკითხია. აქამდე არ არსებობს ერთიანი დაზუსტებული ინფორმაცია თუ რეალურად რამდენი მოქალაქე იმყოფება ამჟამად უცხოეთში. მოქალაქეთა გადინებას გავლენა აქვს საარჩევნო პროცესზეც, რადგანაც ემიგრანტების უდიდესი ნაწილი არაა საკონსულო აღრიცხვაზე, შესაბამისად არ აძლევს ხმას.

ცესკოს ინფორმაციით, უცხოეთში საკონსულო აღრიცხვაზე ამჟამად 33 751 ადამიანი იმყოფება. უცხოეთში ამ ადამიანების გარდა, საქართველოს კიდევ 156 047 მოქალაქეც იმყოფება, თუმცა ისინი საკონსულო აღციხვაზე არ არიან.

დასახელებული 156 047 ადამიანის გარდა, უცხოეთში საქართველოს კიდევ ათიათასობით ადამიანი იმყოფება, თუმცა მათ შესახებ ცესკოს ინფორმაცია არ გააჩნია.