ირაკლი ღარიბაშვილი:  საქმე ეხება ძალიან მძიმე დანაშაულს და გაუგებარია, რატომ ატეხეს აჟიოტაჟი

ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე ეხება ძალიან მძიმე დანაშაულს და გაუგებარია, რატომ ატეხეს აჟიოტაჟი

საქმე ეხება ძალიან მძიმე დანაშაულს და გაუგებარია, რატომ ატეხეს ამხელა აჟიოტაჟი, ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა , ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უშიშროების კონფერენციაზე განუცხადა.

"მინდა მივმართო საზოგადოებას და იმ კრიტიკოსებს, რომლებიც აღნიშნულ დაკავებას აკრიტიკებენ, ერთი მხრივ, სასაცილოა და მეორე მხრივ, აღამშფოთებელია ის ფაქტი, რომ მათი გადმოსახედიდან, ვიცე მერობის თუ პრეზიდენტის თანამდებობა არის ერთგვარი იმუნიტეტი. ჩვენ შევპირდით მოსახლეობას, რომ არც ერთი ადამიანი პრივილეგირებული არ იქნება ჩვენი მთავრობის დროს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც მინისტრმა განმარტა, გამოიკვეთა მძიმე დანაშაული, რომელიც შეეხება დიდი რაოდენობით თანხის გაფლანგვას და ატეხილი აჟიოტაჟი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას ნიშნავს.

"გამოიკვეთა ბრალეულობა ძალიან მაღალი თანამდებობის პირების. დაკავებულებს შორის ფიგურირებს ორი ვიცე მერი. მინდა აქვე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქმე ეხება ძალიან მძიმე დანაშაულს. საქმე ეხება ათეულობით მილიონი ლარის მითვისებას, გაფლანგვას. საუბარია 50 მილიონი ლარის მითვისებაზე, მოპარვაზე სახელმწიფო ბიუჯეტისგან. ჩემთვის გაუგებარია, რატომ ატეხეს ამხელა აჟიოტაჟი. ერთადერთი ახსნაა, რომ ეს გამოწვეულია შიშისგან და მათი მცდელობა, რომ თავი აარიდონ პასუხისმგებლობას ჩადენილი დანაშაულისგან. ალბათ, მხოლოდ ამით აიხსნება ის პანიკა, ის ისტერიკა, რაც გვესმის ბოლო ორი დღის განმავლობაში", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც მინისტრმა განმარტა, დაკავების პროცესი გამჭვირვალე და კანონიერია, რადგან სამართალდამცველებმა უნდა გამოიძიონ ყველა დანაშაული და კანონით დაისაჯოს დამნაშავე.

"რაც შეეხება თვითონ დაკავების ფაქტს, გუშინდელ ინციდენტს. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ეს პროცესი არ იყო პოლიტიკურად მართული. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ სამართალდამცავი ორგანოების სისტემა აბსოლუტურად გათავისუფლებულია ყოველგვარი პოლიტიკისგან. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.