ვანო მერაბიშვილისა და დათა ახალაიას წინააღმდეგ გამოძიებას ჩვენება შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილმა უფროსმა, ვასილ სანოძემ მისცა. შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსი თავის არეში მიყენებული ჭრილობის შემდეგ, მედიის წინ არ გამოჩენილა. For.ge-ს ინფორმაციით სანოძე მკურნალობის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და რამდენიმე კვირა ტაძარში იმყოფებოდა. სანოძე თბილისის პროკურატურაში იმყოფებოდა და გამომძიებლის კითხვებსაც ამომწურავად უპასუხა.
გამოძიებით დადგინდა, რომ სანდრო გირგვლიანზე ანგარიშსწორება განხორციელდა შეკვეთით და ეს შეკვეთა ე.წ. შარდენის სუფრიდან შსს-ს იმდროინდელი გენარალური ინსპექციის უფროსის, ვასილ სანოძის დაბადების დღეს კუდ-ის იმდროინდელმა უფროსმა დათა ახალაიამ გასცა, რომელიც დღეს მიმალვაშია.
„საგანგებოდ არ დამირეკია. დათას ვუთხარი, რომ ალანიაც წამოიყვანეთ-თქო, მაგრამ არ მოსულა. სუფრაზე ვახსენებდი დათას, ალანია სად არის-თქო. იმანაც მითხრა, მოდისო,“ - ეს არის სანოძის ჩვენება, რომელიც მან სასამრთლო პროცესზე მისცა.
ადვოკატი დავით ხაჟალია, რომელიც სანდრო გირგვლიანის სასამართლო პროცესზე შსს-ს მაღალჩინოსნების ინტერესებს იცავდა, აცხადებს, რომ მისთვის უცნობია რა ჩვენება მისცა გამოძიებას ვასილ სანოძემ.
„მხოლოდ და მხოლოდ საქმეში უნდა ინახოს ჩვენება. ახლა რა ხდება ამ საქმეში, არ ვიცი,“ - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ხაჟალია.
გამოძიების ინფორმაციით, ვანო მერაბიშილის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის საკმარის საფუძველს იძლევა 81 მოწმის ჩვენება. ბრალდება გამყარებულია, შსს-ს პრეს-სამსახურის ყოფილი უფროსის გურამ დონაძის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძისა და თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსის მერაბ ბაღათურიასა და სხვა მოწმეთა ჩვენებებით. მათ შორის დაიკითხნენ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული ალექსანდრე ღაჭავა, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და დავით ქოქიაშვილი. რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს გერონტი (გია) ალანიას, მან საქართველო არჩევნებიდან ცოტა ხანში დატოვა.
პროკურატურა მკვლელობის დაკვეთის ბრალდებით ახალაიას ბრალს ხვალ წაუყენებს. წაუყენებენ თუ არა სანოძეს ბრალს სანდრო გირგვლიანის მკვლეობასთან დაკავშირებით, თბილისის პროკურატურაში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
რაც შეეხება შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში პირველად სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამო მოექცა, შეგახსენებთ იმ დროისთვის მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიას და მასთან სანოძის კავშირს.
2006 წლის 28 იანვარს თბილისის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ბარში შსს-ს მაღალი თანამდებობის პირები და მინისტრის მეუღლე თაკო სალაყაია ვასილ სანოძის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. სუფრაზე იმყოფებოდა სანდრო გირგვლიანის მეგობარი გოგონაც. ბარში დაწყებული კონფლიქტი მოგვიანებით სანდრო გირგვლიანის მკვლელობით დასრულდა, თუმცა სასამართლო პროცესზე ვასილ სანოძე და მისი მეგობრები მხოლოდ მოწმის სტატუსით დაიკითხნენ.
სანოძე ყურდღების ცენტრში 2011 წლის 3 მაისს ისევ მოექცა. ოფიციალური ინფორმაციით, სანოძეს წერეთლის გამზირზე მდებარე საკუთარ ბინაში ტაბელური იარაღი გაუვარდა და თავის არეში მიყენებული ჭრილობით, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში მოათავსეს. ეზო პოლიციის მაღალჩინოსნებით გადაიჭედა, შს სამინისტრომ და კლინიკის მედპერსონალმა არანაირი ინფორმაცია არ გასცა მომხდარის შესახებ. იმავე დღეს სანოძე სასწრაფოდ ისრაელში გადააფრინეს, სადაც მას თავის უმძიმესი ოპერაცია გაუკეთდა.
არაოფიციალურად, სანოძის დაჭრასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია გავრცელდება - თითქოს, მან თვითმკვლელობა სცადა. არაოფიციალურად ითქვა ისიც, რომ სანოძე ბევრ ინფორმაციას ფლობდა და შეიძლება ამის გამოც სცადეს მისი თავიდან მოშორება.
ამ საქმეში ერთი საჭვო დეტალიც არის, საავადმყოფოს ტერიტორიაზე მობილიზებულმა პოლიციის მაღალჩინოსნებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გენერალური ინსპექციის უფროსს ცუდი სიმთვრალე ჰქონია და, რომ რამდენიმე წლის წინ ერთ–ერთი პოლიციელი იმიტომ უცემია სიმთვრალისას, რომ ის ვერ უცვნია და შეკამათება მოსვლია.
გარდა ამისა, ერთ-ერთი ვერსიით, ვასილ სანოძე მეგობრებთან ერთად რესტორან „პურის“ სახლში იმყოფებოდა, სწორედ აქ მოხდა დაპირისპირება ძალოვანებს შორის, კერძოდ დათა ახალაიასთან. საინტერესოა ის ფაქტი, რომ გავარდნილი იარაღიდან ტყვია მაინცდამაინც საფეთქელში როგორ მოხვდა, ამ საეჭვო ფაქტზე კითხვები ამ დრომდე არ არსებობს.
For.ge-ს ინფორმაციით დაპირისპირება დათა ახალაიასა და ვასილ სანოძეს შორის მაშინ დაიწყო როდესაც „ტყის ძმების“ მეთაურმა დათო შენგელიამ საპატიმრო 2010 წლის მიწურულს დატოვა. დავით შენგელიას ციხიდან გაშვების შუამდგომლობით 2010 წლის 31 დეკემბერს თავად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჭაკუა გამოვიდა, რაც ძალზედ იშვიათი შემთხვევაა. რაც ყველაზე საინტერესოა, პატიმარი შენგელია ციხიდან იმავე დღეს გაათავისუფლეს, რაც ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტია. ოფიციალური ინფორმაციით, შენგელია კონტრაბანდის, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს და 24 წლით პატიმრობა შეუფარდეს.
ერთ–ერთი ვერსიით, ინციდენტი „ტყის ძმების“ მეთაურის, დათო შენგელიას ციხიდან გამოშვებას უკავშირდება. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, აფხაზეთში სიტუაციების განვითარებას სანოძე კურირებდა. შენგელიას ციხიდან გამოშვების შემდეგ დათა ახალაიამ მისი ჩამოლაბორანტება გადაწყვიტა და აფხაზეთის მიმართულებით, კერძოდ, გალის რაიონის კურატორობა დათო შენგელიას გადააბარა.
სწორედ ეს გახდა მიზეზი სანოძე-ახალაიას დუეტის დაპირისპირების. დაპირისპირებაში უშუალოდ შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი ჩაერია, რომელმაც ამ დაპირისპირებაში მხარი დათა ახალაიას დაუჭირა. საქმე იქამდე მივიდა, რომ გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის მაგიდაზე ვანო მერაბიშვილს დასაჭერი პოლიციელების სია დაუდეს და იმ სიაში უმეტესობა სწორედ სანოძის საძმაკაცოდან იყოო.
ჩვენი წყაროს ცნობით, ამ გზით მერაბიშვილმა სანოძის პოზიციები შეასუსტა. სანოძემ კი მერაბიშვილსა და ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დეტალები შეახსენა და როგორც ამბობენ, სანოძემ გარკვეულ წრეებში გირგვლიანის მკვლეობის დეტალებზე დაიწყო საუბარი.
ექსპერტი მამუკა არეშიძე ადასტურებს ახალაიასა და სანოძეს შორის მომხდარ კონფლიქტს. რაც შეეხება დათო შენგელიას, არეშიძე ამბობს, რომ შენგელიას კავშირი ჰქონდა ახალაიასთან.
„კავშირი ჰქონდა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია როლანდ ახლაია კარგად იცნობდა დათო შენგელიას. რაც შეეხება დაპირისპირებას, ეს ნამდვილად არ იყო ჩვეულებრივი ამბავი. კონფლიქტი რომ მოხდა ეს ვიცი, მაგრამ როგორ განვითარდა შემდეგში ეს კონფლიქტი, მართალი გითხრათ, არ ჩავღრმავებულვარ.
რაც შეეხება კონფლიქტური ზონების კურატორობას, ამას, რასაკვირველია, შს მინისტრის მოადგილე ამირან მესხელი კურირებდა, როგორც სამხრეთ ოსეთის მიმართულებას, ასევე აფხაზეთის მიმართულებას და აქედან გამომდინარე, არაა გამორიცხული, რომ მათი გზები აქ გადაიკვეთა და ამან გამოიწვია დაპირისპირება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძემ.