ქართული ქრისტიანული ხელოვნება წიგნად გამოიცა

ქართული ქრისტიანული ხელოვნება წიგნად გამოიცა

დღეს, გაიმართება წიგნის “ქართული ქრისტიანული ხელოვნება“ მეორე გამოცემის პრეზენტაცია. წიგნი ეძღვნება უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის იუბილეს.

 

წიგნში “ქართული ქრისტიანული ხელოვნება“ წარმოდგენილია ქართული ქრისტიანული ხელოვნების, განვითარების მრავალსაუკუნოვანი გზა IV ს-დან XXI ს-ის ჩათვლით (სატაძრო ხუროთმოძღვრება, ქვის პლასტიკა, ლითონმქანდაკებლობა, კედლის მხატვრობა, ხატწერა, ხელნაწერთა დასურათება, მინანქარი, ნაქარგობა).

 

წიგნს აქვს მდიდრულად ილუსტრირებული ალბომის სახე – 273 ფერადი ილუსტრაცია, რომელთა უმეტესობა ეკუთვნის ს. ქობულაძის სახ. ძეგლთა ფიქსაციის ლაბორატორიას. წიგნი ორენოვანია –  ქართული და ინგლისური.

 

“ქრისტიანული ქართული ხელოვნება“ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მკითხველისათვის წარმოადგენს ქართული ქრისტიანული ხელოვნების მრავალსაუკუნოვანი განვითარების ერთიან სურათს, მის უმნიშვნელოვანეს ეტაპებს, გამორჩეულ ნაწარმოებებს, მის განსაკუთრებულ, უნიკალურ მხატვრულ თავისებურებებს. წიგნი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული კულტურის პოპულარიზაციაში.

 

წიგნის მეორე გამოცემა მომზადებულია ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელთა მიერ. წიგნის შეძენა შეიძლება თბილისის წიგნის მაღაზიებში და ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში.