მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ არასოდეს, არანაირი შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია არც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისთვის და არც საელჩოსთვის, ჩვენთვის ეს პარტნიორობა ძალიან ძვირფასია

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ არასოდეს, არანაირი შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია არც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისთვის და არც საელჩოსთვის, ჩვენთვის ეს პარტნიორობა ძალიან ძვირფასია

ჩვენ არასოდეს, არანაირი შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია არც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისთვის და არც საელჩოსთვის, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი აღნიშნავს, რომ მათთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობა მნიშვნელოვანია.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის ძალიან ძვირფასია ეს პარტნიორობა, ნამდვილი ღირებულებები, რომელსაც ვეტრფით და საქართველოს მოსახლეობა მზად არის ამ ღირებულებების გამზიარებელი გახდეს და ამ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი გახდეს, რაც ეკუთვნის ჩვენს ქვეყანას. მაგრამ არა იმის ხარჯზე, რაც დღეს ხდება საქართველოში და არა იმ ადამიანების ხარჯზე, ვინც სარგებლობს ამ სიტუაციით, მავნებლობს და ძირს უთხრის ჩვენს ქვეყანას. ლიბერალიზმის, დემოკრატიის ფარს ამოფარებულები აკეთებენ ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებს“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

მოძრაობა „ხალხის ძალამ“ რამდენიმე ქართულ მედიასაშუალებაში საქართველოში სავარაუდოდ მოქმედი ამერიკული აგენტურის შესახებ გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გაავრცელა.