ჩვენ ყველამ ვიცით, რა ინტერესები ამოძრავებთ კონკრეტულ მაღალჩინოსნებს უკრაინის ხელისუფლებაში, ისინი ამას არც მალავენ, მათი ერთადერთი ინტერესია, საქართველო როგორმე მეორე ფრონტად აქციონ. ამას ვერ ეღირსებიან, როგორი შანტაჟიც არ უნდა განახორციელონ, - აღნიშნულით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის წვერების შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
კობახიძის თქმით, სანქციებზე საუბარი აბსურდია.
„ჩვენი ხელისუფლება მყარად დგას იმ ინტერესების დასაცავად, რაც საქართველოს მოსახლეობას აქვს, ჩვენ გვგონია, რომ საქართველოს მოსახლეობას არ უნდა ომი, არ უნდა მეორე ფრონტი და რა თქმა უნდა, ამ პოზიციას მაქსიმალურად დავიცავთ.... ძალიან მარტივად, აქ არის კოორდინაცია და ინტერესების თანხვედრა. ერთ მხარეს არის „ნაცმოძრაობა“ და მეორე მხარეს არის ეს ჯგუფი - არახამია, პოდოლიაკი, დანილოვი და სხვები, ყველანი მეორე ფრონტზე საუბრობენ, აქ ხდება ინტერესების თანხვედრა, კოორდინაცია და სწორედ ამის გამოხატულებაა შანტაჟის ის უსუსური მცდელობა, რომელიც წარმოდგენილია ამ სიის სახით.
რაც შეეხება სანქციებს, არ ვიცი, რა რეაგირება უნდა გქონდეს აბსურდზე, უკრაინის ხელისუფლებამ რაღაც გადაწყვიტა, იქ არიან ადამიანები, რომლებსაც მეორე ფრონტი სურთ. პასიური პოზიცია გვქონდა დანილოვის და პოდოლიაკის განცხადებებზე, ვცადეთ, მაქსიმალურად რბილად გაგვევლო, ხალხი იძახის, რომ საქართველოში ომი უნდა გაჩაღდეს, პირდაპირ, პოდოლიაკი და დანილოვი ამბობდნენ ამას, რაღაც განცხადებები, კომენტარები გავაკეთეთ, სხვანაირად არ გამოვიდოდა, მაგრამ რაღაცნაირად, რბილად გავიარეთ. აქაც იგივე მოგვიწევს, თუ ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენი შანტაჟი სცადონ, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, მე დამემუქროს არახამია ან პოდოლიაკი სანქციით და ამის გამო მე დავჯდე პრემიერთან ერთად და სერიოზულად ვიმსჯელოთ ომის გაჩაღებასთან დაკავშირებით. ეს ხომ არის აბსურდი და სრულიად უსუსური მცდელობა, ეს შეგვიძლია საჯაროდ ვუთხრათ ამ ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, ძალიან მარტივად არის საქმე“, - განაცხადა კობახიძემ.