ლევან ყენია კარიერას გერმანიაში გააგრძელებს

ლევან ყენია კარიერას გერმანიაში გააგრძელებს

გასული წლის შემოდგომაზე საქართველოს ეროვნული გუნდის მოთამაშე ლევან ყენია უკრაინის პირველობაზე მოასპარეზე ლვოვის „კარპატის“ რიგებში ჩაირიცხა.

წინა სეზონი ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა მაღალ დონეზე ჩაატარა და „კარპატის“ ერთ-ერთ ძირითად მოთამაშედ გადაიქცა. რამდენიმე თვის წინ ლვოველმა ფეხბურთის გულშემატკივრებმა ყენია წლის აღმოჩენად დაასახელეს.

სამწუხაროდ „კარპატის“ ფინანსური პრობლემები მოეძალა და გუნდმა ტრანსფერზე ერთდროულად ძირითადი შემადგენლობის ცხრა ფეხბურთელი დააყენა. მათ შორის ლევან ყენიაც იყო.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ყენია კარიერას გერმანიაში გააგრძელებდა. უკრაინელებმა მისი შენარჩუნება კი სცადეს, მაგრამ ქართველმა ლვოვში დარჩენა აღარ ისურვა.

დღეს დილით უკრაინულ მას-მედიაში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ყენია თამაშს დიუსელდორფის „ფორტუნაში“ გააგრძელებს.

უახლოეს ორ დღეში ქართველი ქალაქ დიუსელდორფში ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ცნობილი გახდა, რომ გერმანელები ყენიას სანაცვლოდ „კარპატის“ 250 ათას ევროს გადაუხდიან.

დიუსელდორფის კლუბმა გერმანულ ელიტაში ადგილი გასულ სეზონში დაკარგა და 2013/14 წლების სეზონს მეორე ბუნდესლიგაში გაატარებს.