დღეს დილით გამოცემამ „Goal.com” ესპანეთის ეროვნული გუნდისა და მადრიდის „რეალის“ მეკარე იკერ კასილიასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.
საიდუმლოს არ წარმოადგენს რომ იკერსა და „რეალის“ ყოფილ დამრიგებელ ჟოზე მოურინიოს დაძაბული ურთიერთობა გააჩნდათ. წინა სეზონის დასაწყისში პორტუგალიელმა ფეხბურთის სპეციალისტმა კასილიასი მოულოდნელად სათადარიგოთა სკამზე განამწესა. მოგვიანებით მეკარემ მსუბუქი ტრავმა მიიღო და ორი თვის განმავლობაში მკურნალობდა. მწყობრში დაბრუნებული ფეხბურთელი მოურინიომ კვლავ თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან მადრიდის „რეალის“ გულშემატკივრები და ესპანეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე, „განსაკუთრებულს“ იკერ კასილიასის ძირითად შემადგენლობაში დაყენებას მუდმივად სთხოვდნენ. „ერთადერთმა“ საზოგადოების მოთხოვნას ყური პრინციპულად არ მიუგდო და კასილიასს ჯიუტად არ ათამაშებდა.
მოურინიო „რეალს“ დაემშვიდობა. ამ კლუბის ახალი დამრიგებელი კარლო ანჩელოტი იკერს მომავალ სეზონში სათამაშო დროს უკვე შეპირდა.
დღეს დილით კასილიასმა „Goal.com”-თან საუბრისას პორტუგალიელი „ერთადერთი“ დაუფარავად გააკრიტიკა.
„წინა სეზონის დასაწყისში მოურინიომ ჩემს მიმართ გულში წყენა ჩაიდო. დღემდე ვერ ვხვდები პორტუგალიელს რა დავუშავე. ბოლო წლების განმავლობაში სათადარიგოთა სკამი არასოდეს მიხეხია. მუდმივად სტაბილურ დონეზე ვთამაშობდი და ეს საფრთხე არასოდეს მემუქრებოდა. გაურკვეველი მიზეზების გამო ბატონმა ჟოზემ ჩემი „დასჯა“ გადაწყვიტა და პრინციპულად აღარ მათამაშებდა. მოურინიოს საქციელის გამო ღრმა დეპრესიაში ჩავვარდი და დარდს ხშირად ტირილში ვახრჩობდი. პორტუგალიელს ამას არასოდეს ვაპატიებ.
ერთი სურვილი გამაჩნია, - მომავალ სეზონში ლონდონის „ჩელსის“ დავუპირისპირდე და „ბედნიერს“ ჩემი მაღალი სათამაშო დონე კიდევ ერთხელ დავუმტკიცო. ვისარგებლებ შემთხვევით და ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვისენტე დელ ბოსკეს განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი. ვისენტე ეროვნულ გუნდში მუდმივად მიწვევდა და თამაშის შესაძლებლობას მაძლევდა. ბატონი ჟოზე მოურინიო კი მომავალში მიფრთხილდეს.“ - განაცხადა იკერ კასილიასმა.