აზარტული თამაშების შესახებ კანონის გამკაცრებიდან ხუთი თვე გავიდა. პრემერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით თამაში 25 წლამდე ყველა მოქალაქეს, ასევე სოციალურ დაუცველებსა და საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს აეკრძალათ. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ინიციატივიდან 5 თვეში ე.წ შავი სია მილიონ ნახევრამდეა გაზრდილი, ანუ აზარტულ თამაშებზე უკვე 1 449 124 ადამიანს აღარ მიუწვდება ხელი.
თამაშის აკრძალვის მიუხედავად, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანთა რიცხვი ჯერ კიდევ საკმაოდ დიდია. ლუდომანია ყველა სქესს, ასაკს თუ პროფესიას აერთიანებს. ყველას ერთი რამ აწუხებს - დღის უმეტესი ნაწილი ონლაინ თამაშებს დაუთმონ. შემდეგ იწყება მძიმე ფინანსური, თუ ფსიქოლოგიური პრობლემები.
For.ge-თან ერთ-ერთი ლუდომანი, 30 წლამდე მამაკაცი ამბობს, რომ ის დაახლოებით, 10 წელია აზარტულ თამაშებზეა დამოკიდებული, სცადა თავის დანებება, თუმცა ჯერჯერობით ვერ შეძლო. არც კანონის გამკაცრება შეხებია, რის გამოც ე.წ. კაზინოების ექაუნთები არ დაებლოკა. მისი თქმით, სამომავლოდ აპირებს შემოსავლების სამსახურს მიმართოს, რათა შავ სიაში აღმოჩნდეს.
„წლებია აზარტულ თამაშებზე ვარ დამოკიდებული. რა მომიტანა თამაშებმა?! ფინანსური დანაკარგის გარდა, დავკარგე ადამიანობა, ცხოვრება, ჩამომშორდნენ მეგობრები, რადგან ბოლო პერიოდში სათამაშოდ ფულს ვსესხულობდი. ლუდომანია ნარკოტიკებზე მეტად დიდი ავადმყოფობაა. მივესალმები მთავრობის გადაწყვეტილებას კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებით, რადგან ახალგაზრდა თაობა ამ საშინელი დაავადებისგან აღარ მოიწამლება. ჯერ ვცდილობ საკუთარი სურვილით დავანებო თამაშს თავი, ვიდრე ოჯახის წევრებიც არ დამიკარგავს, თუ არა და ვაპირებ შემოსავლების სამსახურს მივმართო, რომ შავ სიაში შემიყვანონ“, - გვითხრა ლუდომანმა მამაკაცმა.
როგორც for.ge-თან არასამთავრობო ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ ხელმძღვანელი, თამარ ჯაფარიძე ამბობს, მოლოდინი არ ჰქონდა, რომ კანონის გამკაცრებიდან მალევე აიკრძალებოდა აზარტული თამაშები. მისივე თქმით, ჯერ კიდევ არსებობს „შავი ხვრელები“ რითაც მოქალაქეები ცდილობენ თამაშს. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გეგმავს პარლამენტს მიმართთოს ინიციატივით, რათა კაზინოების ჯარიმები გაიზარდოს.
„უზარმაზარი ბიზნესი, რომელსაც საკმაოდ დიდი კაპიტალბრუნვა აქვს რეგულაციების ჩარჩოში მოექცა. ნამდვილად არ მქონია იმის მოლოდინი, რომ აზარტული თამაშების აკრძალვა უცბად დარეგულირდებოდა და ყველაფერი კარგად წავიდოდა. მოლოდინი მქონდა, რომ „შავი ხვრელები“ აუცილებლად გაჩნდებოდა, თუმცა აღნიშნულმა კანონმა სიკეთე მოიტანა და მილიონ ოთხასი ათასზე მეტი ადამიანი ონლაინ თამაშებს ავტომატურად გამოეთიშა. რაც მთავარია, მოზარდები გამოეთიშნენ, რომლებიც მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები. 14 წლიდან 17 წლის ჩათვლით 48% თამაშობდა, აქედან გოგონების რაოდენობა ძალიან მაღალი იყო. დაავადების ეროვნული ცენტრის კვლევის მიხედვით, ამ ასაკში 12% უკვე ლუდომანია, 20%-კი უკვე გადაჭარბებული მოხმარებელია. ასევე, აზარტულ თამაშებს გამოეთიშნენ საჯარო მოხელეები, სოციალურად დაუცველები, რომლებსაც საშუალება აღარ აქვთ სახელმწიფოს სუფსიდია შავ ბიზნესში დაატრიალონ. აკრძალვის მიუხედავად, არსებობს პრეცედენტები, რომ ახლიდან რეგისტრირდებიან, ან ოჯახის წევრების მონაცემებით თამაშობენ. ყველა პრეცედენტი აღმოჩენილია და ამ ინფორმაციას შემოსავლების სამსახურსა და ფინანსთან სამინისტროს გავაცნობთ. მათთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. სადაც სუსტი წერტილია, მისი გამკაცრება აუცილებლად მოხდება. დღეს, სამორინეები დარღვევის შემთხვევაში 10 ათასი ლარით ჯარიმდებიან და ჩვენ ვითხოვთ, რომ ჯარიმები 100 ათას ლარამდე გაიზარდოს. მესმის, რომ კანონის ამოქმდებიდან 6 თვე გავიდა და ეს დიდი დრო არ არის სიტუაციის დასალაგებლად, თუმცა ძალიან ბევრმა ადამიანმა ამოისუნთქა“, - განუცხადა for.ge-ს თამარ ჯაფარიძემ.