თუ ასე გააგრძელებს ღარიბაშვილი და პრორუსული „ქართული ოცნება“, დადგება დღე, როცა ევროკავშირში შესვლას აუკრძალავენ. მე და თქვენ უვიზოდ ვივლით და ისინი ვერასდროს ცხვირს ვერ შეყოფენ ევროკავშირში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მალე ღარიბაშვილს სულ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი შეხვდება.
როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ახასიათებს, რომ „ჩამოკიდებს ხოლმე რაღაც სატყუარებს“.
„ამ სატყუარას ჩვენ მათ გავუნადგურებთ იმიტომ, რომ ისინი მოქმედებენ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ჩვენკენ არის სიმართლე. ჩვენ რა გვაქვს იცით მთავარი უპირატესობა „ქართულ ოცნებასთან“? ჩვენ რაც ვართ იმას ვამბობთ, ჩვენ მედასავლეთეები ვართ და დასავლეთისკენ და ევროპისკენ გვინდა სწრაფად წავიყვანოთ ქვეყანა. „ქართულ ოცნებასთან“ უპირატესობა გვაქვს იმაში, რომ ისინი არიან ერთი და ყიდიან მეორეს. ისინი არიან პრორუსულები და უნდათ, რომ მიყიდონ პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებს და მერე ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, რომ ვითომ პროდასავლურები არიან. ცოტა დაგვრჩა იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ სრული კონსენსუსი იყოს იმაზე, რომ „ქართული ოცნება" არის პრორუსული ძალა. როგორც კი ამას მივაღწევთ, ისინი გაქრებიან და აღიგვებიან პირისაგან მიწისა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ამასთან, გიორგი ვაშაძე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებებსაც გამოეხმაურა.
„ბორელი მე კი არ მომიწოდებს, მის გვერდზე მდგომ უსაქმურ პრორუს ღარიბაშვილს ეუბნება და ეს პროცესი რომ იყოს ინკლუზიური, ეს „ქართული ოცნების“ ხელშია. კანონი მან უნდა მიიღოს, მე მზად ვარ ყველა კანონს მხარი დავუჭირო.
„ქართული ოცნება“ ვერაფერზე თითს ვერ გამოიშვერს[ოპოზიციისკენ], იმ თითს მიიშვერს თავის თავზე, ამას დაინახავთ იმიტომ, რომ ჩვენ გეგმაზომიერად მივდივართ იმ გზით, სადაც ყოველწამიერად მტკიცდება „ქართული ოცნების“ პრორუსულობა და ანტიეროვნულობა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძე გადაცემაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებასაც გამოეხმაურა ვადამდელი არჩევნების შესახებ.
გიორგი ვაშაძის შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ „არ აქვს სტრატეგია და ხედვა ჩამოყალიბებული და სპონტანურად რაღაცებს იძახის“.
„ვადამდელი არჩევნები მითქვამს მეც და აბსოლუტურად ყველა ოპოზიციონერს, ვადამდელი არჩევნები დაინიშნება მაშინ, როცა საზოგადოებაში იქნება ამის კონსენსუსური მოთხოვნა. ამას ვერაფრით ვერ აღუდგება წინ „ქართული ოცნება“. თუ მეკითხებით, მოხდება თუ არა ეს? დიახ, მაგრამ „ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახეო“, აი, ეს არის ჩემი პასუხი ყველასთან, ვინც წინსწრებით აანონსებს იმას, რაც ჯერ არ მომხდარა.
ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც არ აქვს სტრატეგია და ხედვა ჩამოყალიბებული, სპონტანურად რაღაცებს იძახის, ეს არის ჩემი შეფასება და ვწუხვარ ამას, არ მიხარია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ასევე, გიორგი ვაშაძემ უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს მიერ სანქცირებულთა სიის გამოქვეყნებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სია ძალიან დიდია და აუცილებელია მნიშვნელოვან ადამიანებზე კონცენტრირება.
„მე გულწრფელად გეტყვით, რომ ერთი რაც არ მომეწონა არის ის, რომ ძალიან რომ გაბერავ სიას, შემდეგ შეიძლება შედეგზე ვერ გახვიდე. მე ვფიქრობ, რომ კონცენტრაცია უნდა იყოს ორ-სამ ადამიანზე და მოსამართლეებზე. შედეგზე ხომ გვინდა გავიდეთ, არა? მოსამართლეების სანქცირება გაცილებთ უფრო დასაბუთებულად მიმაჩნია, ვიდრე ძალიან დიდი სიის წარდგენა. რისი ძალაც გაქვს ის უნდა გააკეთო. როცა შენ დიდ სპექტრს აძლევ, შემდეგ სადღაც მტკიცებულება არა გაქვს, მერე გიფუჭებს მთელ საქმეს.
ჩემი აზრით, პირველი სასანქციო არის კობახიძე. პირდაპირ გეუბნებით იმიტომ, რომ ეს კაცი საოკუპაციო ხაზთან არ ჩადის და პატრიოტიზმზე და ერეკლე მეფეზე მელაპარაკება, ხვიჩა კვარაცხელიაზე მელაპარაკება, ამით უნდა, რომ თავისი პრორუსულობა გადაფაროს. ფიზიონომიაზე აწერია უკვე, რომ რუსულ საქმეს აკეთებს ამ ქვეყანაში, პირველი სასანქციო ეგ არის თუ ვინმე არის. ეს მართლა შეცვლის ბევრ რამეს, „ქართული ოცნების“ სანქცირებას ნიშნავს ეს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.