ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისში მიმდინარე კონფერენციის ორგანიზატორები „პირდაპირ პოლიტიკურად არიან აფილირებული იმ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომელსაც რადიკალურ ოპოზიციას უწოდებენ“

ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისში მიმდინარე კონფერენციის ორგანიზატორები „პირდაპირ პოლიტიკურად არიან აფილირებული იმ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომელსაც რადიკალურ ოპოზიციას უწოდებენ“

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისში მიმდინარე კონფერენციის, სახელწოდებით „დიდება უკრაინა“ ორგანიზატორები პირდაპირ პოლიტიკურად არიან აფილირებული იმ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომელსაც რადიკალურ ოპოზიციას უწოდებენ.

როგორც კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობით ხელისუფლება რადიკალურ ძალებს "თუნდაც მცირე ლეგიტიმაციას ვერ მისცემდა".

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეს ღონისძიება თბილისში ტარდება, იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა კონფერენციაში, მათ შორის მეც პირადად ორჯერ. თუ არ ვცდები, შარშან მონაწილეობა არ მიგვიღია. ორში ნამდვილად მივიღეთ მონაწილეობა იმიტომ, რომ პირადად ვმონაწილეობდი, ერთ-ერთი პანელის მონაწილე ვიყავი. შემდეგ იყო ერთ-ერთი ღონისძიება, თუ არ ვცდები, მესამე, სადაც პოლიტიკური მიკერძოება იმდენად თვალსაჩინო იყო, ამის შემდეგ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო ჯერზე ამ კონფერენციას აღარ დავსწრებოდით. მიკერძოებაზეც არ იყო საუბარი, მთლიანად ცალმხრივი იყო ის ღონისძიება, რომელიც მაშინ ჩატარდა. ამას მარტივი მიზეზი აქვს, ამ კონფერენციის ორგანიზატორები არიან პირდაპირ პოლიტიკურად აფილირებული იმ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომელსაც ჩვენ რადიკალურ ოპოზიციას ვუწოდებთ და რომელიც არის რეალურად რადიკალური ოპოზიცია. რა თქმა უნდა, მათ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობა ჩვენთვის მისაღები არ არის. ის, რომ პოლიტიკური მიკერძოება არსებობს, ეს თვალსაჩინოა, თუნდაც შემადგენლობიდან. თუ დააკვირდებით, ვის იწვევენ, თუნდაც ევროპარლამენტიდან, თუნდაც ქართული პოლიტიკური ძალის რომელ ლობისტებს, თუ ვინ არის შიდა შემადგენლობა... ძალიან კარგი განცხადება გააკეთა შალვა პაპუაშვილმა რადიკალიზმთან დაკავშირებით. ანუ, იქ ხდება რადიკალური პოლიტიკური ძალების მიწვევა და არა მარტო პოლიტიკური ძალების, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების თუ მსგავსი ტიპის სუბიექტების, რომლებიც პირდაპირ არიან რადიკალურ დღის წესრიგში ჩართული. ჩვენი მხრიდან რადიკალიზმის ნორმად წარმოჩენა და მასში მონაწილეობა აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ რადიკალიზმს ნორმად ვერ წამოვაჩენთ, მითუმეტეს, როდესაც ევროკომისიის დოკუმენტის პირველი პუნქტი გვეუბნება, რომ დეპოლარიზაცია უნდა იყოს მთავარი ამოცანა. როგორც კი შენ რადიკალურ ძალებს მისცემ თუნდაც მცირე ლეგიტიმაციას, რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს შემდგომ პოლარიზაციას. ამ კონფერენციაში მონაწილეობით ჩვენ ამას გავაკეთებდით და არ გავაკეთეთ“,-განაცხადა კობახიძემ.

მისი შეფასებით, კონფერენციაში სიტყვით გამომსვლელთა უმრავლესობა პოლიტიკური ნიშნით არის შერჩეული. როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, დისკუსიაში ჩართულობასთან დაკავშირებით მიწვევა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის სახელზე იყო.

„ზუსტად ის ადამიანები არიან გამომსვლელებად შერჩეული, რომლებიც ამ რადიკალურ დღის წესრიგს ახორციელებენ საქართველოში ან გარედან ხელს უწყობენ. მოწვევას რაც შეხება, თუ არ ვცდები, მხოლოდ ჩვენს ორ წარმომადგენელზე იყო გამოგზავნილი მოწვევა თვითონ დისკუსიაში ჩართულობასთან დაკავშირებით, ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე. მხოლოდ ორი ადამიანი იყო მოწვეული მაშინ, როდესაც გამომსვლელი ძალიან ბევრია. ესეც აჩვენებს იმას, თუ რა ნიშნით ხდებოდა მთლიანად ამ სიის და დღის წესრიგის ფორმირება“,-განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, კონკრეტული პოლიტიკოსები გარკვეულ პოლიტიკურ ინტერესს ატარებენ. ირაკლი კობახიძემ აღნიშნულ კონტექსტში აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორი, დევიდ კრამერი ახსენა.

“ხშირად ვიყენებთ პირობით ტერმინებს, ამ შემთხვევაში სიტყვა „ლობისტიც“ დიდწილად პირობითია და მეტსაც ვიტყოდი, სინამდვილეში არა ისინი არიან „ნაცმოძრაობის“ ლობისტები, არამედ მგონი პირიქით, „ნაცმოძრაობა“ არის მათი ლობისტი. აქ არც შეცდომაში შეყვანასთან არ გვაქვს საქმე და არც არაფერთან, სინამდვილეში არის გარკვეული პოლიტიკური ინტერესები, რომლებსაც კონკრეტული პოლიტიკოსები ატარებენ. ესენი არიან ევროპარლამენტარები, ეს არის მაგალითად, იან კელი, დევიდ კრამერი და ა.შ. ისინი არიან მათი ლობისტები თუ ესენი მათი, ეს საზოგადოებამ განსაჯოს“,-განაცხადა კობახიძემ.

მისი შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ როცა უკავშირდები, ეს ნიშნავს იმას, რომ დაინტერესებული ხარ ქვეყნის არევით, ომში ჩართვით და ა.შ.