შსს-ს, სუს-ს, ფინანსურ პოლიციას, ყველა სტრუქტურას, რომელიც კორუფციასთან ბრძოლაშია ჩართული, აქვს საპარლამენტო გუნდის სრული საკანონმდებლო და პოლიტიკური მხარდაჭერა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„უნდა ვიცოდეთ, ვინ გვისვამს კითხვებს. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც შარშან ამბობდნენ - რატომ არ არის კორუფციის ბევრი შემთხვევა გამოვლენილი, სახელმწიფო არ ებრძვის კორუფციასო. წელს, როდესაც სამართალდამცველებმა გამოავლინეს კიდევ უფრო მეტი შემთხვევა და კიდევ უფრო ეფექტური გახდა ბრძოლა კორუფციასთან, იგივე ადამიანები, იგივე ტელევიზიების საშუალებით, უკვე სვამენ კითხვას - რატომ გამოავლინა შსს-მ, თუ ფინანსურმა პოლიციამ კორუფციის მეტი შემთხვევაო“, - განაცხადა თალაკვაძემ.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, წელს ქრთამის მიცემის სტატისტიკა ორი შემთხვევით გაიზარდა, მედიის ნაწილი კი 33-პროცენტიან ზრდაზე მიუთითებდა, რასაც მმართველ გუნდში რიცხვებით მანიპულაცია უწოდეს.