შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისის საკრებულოს წევრები სამეგრელოში აღმოჩენილი ფარული ვიდეო-ჩანაწერების გასაცნობად მივიდნენ და სამინისტროს შენობა შოკირებულებმა დატოვეს. საკრებულოს ფრაქციამ „თავისუფლება“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა თხოვნით, საკრებულოს წევრებისთვის ეს ჩანაწერები ეჩვენებინა, რაზეც სამინისტროსგან თანხმობა მიიღო. ფირების ჩვენებაზე დაგეგმილი იყო საკრებულოს რამდენიმე ფრაქციის, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მისვლა, მაგრამ ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროში არ მივიდნენ.
სამაგიეროდ, ფარული ჩანაწერების სანახავად მივიდნენ სამინისტროში საკრებულოს ყოფილი ნაციონალი წევრები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ამაზე საშინელი არაფერი უნახავთ.
თბილისის საკრებულოს წევრის ზურა (შონზო) გაჩეჩილაძის განცხადებით, ყველაზე კრეატიულ რეჟისორსაც კი არ მოუვიდოდა აზრად იმის გადაღება, რაც ფარულ კადრებშია აღბეჭდილი.
„კადრებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს ყველა იმ ადამიანმა, ვინც ამ კადრების არსებობა იცოდა და საერთოდ, არანაირი რეაქცია არ ჰქონდა და ინახავდა მას თავისთვის. იმ სფეროში მეტნაკლებად გამოცდილი ადამიანი ვარ, რასაც ტელევიზია, გადაღება ჰქვია. ყველაზე კრეატიულ სცენარისტს და რეჟისორსაც კი არ მოუვიდოდა აზრად იმის მოფიქრება, გადაღება და ეკრანზე ჩვენება, რაც ჩვენ ვნახეთ“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
მისი თქმით, ქართულ ენაში ამ კადრების ზუსტად შეფასებისთვის შესაბამისი ეპითეტი არ არსებობს.
„რა თქმა უნდა, ეს არის სისტემის დანაშაული და ყველა საფუძველი არსებობს ვივარაუდოთ, რომ ამის შესახებ მაღალი თანამდებობის პირები ინფორმირებულნი იყვნენ“, - აღნიშნა ზურაბ გაჩეჩილაძემ.
ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი, ნიკო ხაჩირაშვილი ამბობს, რომ კადრები იმდენად მძიმე იყო, რომ ამაზე საუბარიც კი უჭირს. საკრებულოს წევრი მიიჩნევს, რომ ეს ჩანაწერები საზოგადოებას არ უნდა აჩვენონ და უმჯობესია კადრები, რომლებიც გამოძიების ფარგლებში საჭირო არ არის, აუცილებლად განადგურდეს.
„ცალსახაა, რომ ყველა ადამიანი, რომელიც ამ კადრების და მათზე ასახულ ქმედებებში არის გარეული, ვინც ამაში მონაწილეობდა, ან თუნდაც მხოლოდ ინფორმირებული იყო ამის შესახებ, აბსოლუტურად ყველა კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. მე ვფიქრობ, რომ გამოძიება ობიექტურად უნდა ჩატარდეს, რათა ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეთოს მსგავსი ფაქტები“, - აცხადებს ნიკო ხაჩირაშვილი.
იგი კომენტარს აკეთებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ბოლოდროინდელ განცხადებებზე იმის თაობაზე, რომ ეს სისტემური დანაშაული კი არ იყო, უბრალოდ ასეთი შემთხვევები მათ „გაეპარათ“. ხაჩირაშვილი ამბობს, რომ შეიძლება „გაგეპაროს“ ერთი ან ორი ფაქტი, ან თუნდაც ხუთი, მაგრამ როდესაც ათობით ათას მსგავს შემთხვევაზეა საუბარი, ეს უკვე სისტემური დანაშაულია და ამიტომ, ამ საკითხის მიმართ სიტემური მიდგომა უნდა იყოს.
კითხვაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო თუ არა ცნობილი მისთვის მსგავსი ფაქტების არსებობის შესახებ, ნიკო ხაჩირაშვილი პასუხობს, რომ ისიც და მისი თანამოაზრეებიც მათ წილ პასუხისმგებლობას იზიარებენ.
„მეც და ჩემი კოლეგებიც თავიდან ბოლომდე ვიზიარებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, რომელიც ქვეყნისა და ქართული საზოგადოების წინაშე გვაკისრია, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან ბევრი თემა ჩემთვისაც და ჩემი მეგობრებისთვისაც, ასევე ფართო საზოგადოებისთვის იყო დახურული“, - აღნიშნავს საკრებულოს დეპუტატი.
რაც შეეხება თავად ფარული ჩანაწერების შინაარს, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - თბილისის“ წევრი, მაკა გვარამია ამაზე ამბობს, რომ საკრებულოს წევრებმა მხოლოდ ორი ჩანაწერის ნახვა შეძლეს. ერთი მათგანის ხანგრძლივობა იყო ნახევარი საათი, მეორის კი - 15 წუთი. ამაზე მეტს კი ვეღარავინ უყურა, რადგან კადრები იყო ძალიან მძიმე. გვარამიას თქმით, ერთ-ერთ ჩანაწერში სამართალდამცავები აწამებენ უდანაშაულო, ასე ვთქვათ, შემთხვევით ადამიანს, რომელსაც აიძულებენ საკუთარ თავზე აიღოს ტერაქტის მოწყობა.
„კადრებში ჩანს, რომ ეს ადამიანი გადაწვენილი და დაბმული ჰყავთ მაგიდაზე, აუპატიურებენ ბოთლით, ელექტროშოკით და ამის შემდეგ მასთან მიდის ერთი პიროვნება, რომელიც მას უკვე უშუალოდ აუპატიურებს, ანუ მასთან სქესობრივ აქტს ამყარებს. როგორც ირკვევა, ეს იყო ადამიანი, რომელიც სპეციალურად ამისთვის ჰყავდათ, რომ ადამიანები გაეუპატიურებინა და სწორედ ეს ადამიანი აუპატიურებს ყველა მსხვერპლს. მოკლედ ამ მაგიდაზე დაბმულ ადამიანს უკეთებენ ყველაფერს, რითაც კი შეიძლება მამაკაცს შეურაცხყოფა მიაყენო. უბრალოდ ისიც კი არ მესმის, საიდან უჩნდებოდათ ასეთი ფატაზიები, რომ ამგვარი ქმედებები მოეფიქრებინათ“, - ამბობს მაკა გვარამია.
მისი თქმით, დარბაზში მჯდომი ყველა ადამიანი შოკირებული იყო და საკრებულოს წევრები კადრების სიმძიმის გამო ნელ-ნელა ტოვებდნენ დარბაზს. აქვე გვარამია აღნიშნავს, რომ ბევრად უფრო მძიმე კადრები იყო 15-წუთიანი ვიდეო-ჩანაწერი, სადაც მამაკაცს გაუკუღმართებული გზით აუპატიურებენ, თუმცა ამაზე უფრო დეტალურად საუბარს საკრებულოს წევრი მოერიდა და განაცხადა, რომ შეუძლებელია იმის მოყოლა, რაც ამ კადრებში ჩანს.
რაც შეეხება გავრცელებულ პოლემიკას იმასთან დაკავშირებით, შესაძლებელი იყო თუ არა კადრებში პიროვნებების იდენტიფიცირება, მაკა გვარამია ამბობს, რომ ეს სრულიად შეუძლებელი იყო, რადგან მისი თქმით პიროვნებები მთლიანად დაფარული იყო, ასევე კადრებს არ ედო ხმა, იყო მხოლოდ ტიტრები, ისიც ინგლისურად, რადგან ეს ტიტრები კადრებს სავარაუდოდ უცხოელი დიპლომატებისთვის დაედო. გვარამიას თქმით, ეს კადრები ფართო საზოგადოებამ რომ ნახოს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, ალბათ, ლინჩის წესით გაასამართლებენ.
საკრებულოს დეპუტატი აღნიშნავს, რომ ძალიან ცუდია, საკრებულოს ნაციონალი დეპუტატები ამ ჩვენებას რომ არ დასწრებიან და მაკა გვარამია მათ მიმართავს.
„ჯალათების და სისასტიკის ხანა წარსულს ჩაბარდა და მე მოგმართავთ თქვენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენებს, თქვენვე ამოიღეთ ხმა იმ ძალადობისა და სისასტიკის წინააღმდეგ, რასაც თქვენი ხელისუფლება 10 წლის განმავლობაში სჩადიოდა. ამ ყველაფრის შემდეგ უბრალოდ სირცხვილია, რომ გერქვას ნაციონალი და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდებოდე“, - ამბობს მაკა გვარამია.
აღსანიშნავია ისიც, რომ გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს საკითხზე დებატები უნდა გამართულიყო, მაგრამ საკითხი ჩავარდა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო საზაფხულო სესიაზე „ევროპის სახალხო პარტია“ გამოვიდა ინიციატივით, რომ ჩატარებულიყო დებატები „საქართველოში სიტუაციის გაუარესების შესახებ“, მაგრამ სხვა ფრაქციებმა ამ საკითხს მხარი არ დაუჭირეს.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უარი უთხრა EPP-ს საქართველოზე დებატებზე. არაფერი ხდება საქართველოში ისეთი, რაც ამგვარ აუცილებლობას ადასტურებს და ამ დარბაზში დებატებს მოითხოვსო“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თინა ხიდაშელმა.
როგორც ჩანს, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებზე იმოქმედა იმ ინფორმაციამ, რაც იქ საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატებმა ჩაიტანეს. შეგახსენებთ, სულ რამდენიმე დღის წინ ამერიკის კონგრესის განცხადება გავრცელდა, სადაც საქართველოს ახალი ხელისუფლება მკაცრად იყო გაკრიტიკებული და პირდაპირ იყო საუბარი იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება. დღეს კი მერაბიშვილის საკითხთან დაკავშირებით ამერიკის ელჩის შეფასებაც საკმაოდ შერბილებული იყო.
„როგორც ადრე აღვნიშნე, ნებისმიერ დროს, როდესაც ხდება ყოფილი პრემიერ-მინისტრისადმი ბრალდების წაყენება, თემა სერიოზულია და სერიოზულ ყურადღებას იპყრობს. საქართველოს მთავრობამ აღნიშნა, რომ კანონის უზენაესობის დაცვით აპირებს პროცესის წარმართვას. ასევე, მათ მოიწვიეს უცხოელი დამკვირვებლები. ჩვენ არ ვაყენებთ გამოწვევის ქვეშ სამართლებრივ პროცესს ამ თემაზე“, - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.