ჯო ბაიდენმა 75 მილიონი ადამიანი სახელმწიფოს მტრად გამოაცხადა, თუმცა მომდევნო დილას დაავიწყდა რა თქვა, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პენსილვანიის შტატში გამართულ მიტინგზე.
„ვიხილეთ [აშშ-ის] პრეზიდენტის მიერ ოდესმე წარმოთქმული ყველაზე ბოროტი, სიძულვილით სავსე და [საზოგადოების] გამყოფი სიტყვით გამოსვლა. თქვენ ყველა სახელმწიფოს მტრები ხართ. ის არის სახელმწიფოს მტერი, თუ გინდათ სიმართლე. სახელმწიფოს მტერი ის [ჯო ბაიდენი] და ის ჯგუფია, რომელიც მას აკონტროლებს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
1-ელ სექტემბერს, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის „ამერიკა კვლავ დიადი გავხადოთ“ (MAGA) დღის წესრიგის მომხრეები დემოკრატიას საფრთხეს უქმნიან.
თუმცა, მოგვიანებით ბაიდენმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის არცერთ მხარდამჭერს ამერიკისთვის საფრთხედ არ მიიჩნევს.
„მე არ მივიჩნევ ტრამპის არცერთ მხარდამჭერს ქვეყნისთვის საფრთხედ. ვფიქრობ ის, ვინც ძალადობის გამოყენებისკენ მოუწოდებს, უარს ამბობს არჩევნების აღიარებაზე, ხმების დათვლის მეთოდის შეცვლას ითხოვს, ის არის საფრთხე დემოკრატიისთვის“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.