რადიკალური ოპოზიციის მიზანია კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ - მოლოდინი არ მაქვს, რომ მათი მხრიდან რაიმე კონსტრუქციული შეთავაზება იქნება, მათი ვირტუალური კანონპროექტებით უფრო მეტად მოხდება მათი მიზნების ლუსტრირება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციის ნაწილის განცხადებას გამოეხმაურა.
იონათამიშვილის თქმით, ოპოზიციამ ხელოვნური პროცესი წამოიწყო, რითაც სტატუსის მიღების ხელშეშლას ცდილობს.
„არანაირი პარალელური პროცესი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ხელოვნური პროცესი ოპოზიციის მხრიდან, რომ რაიმენაირად ხელი შეუშალონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ერთ მხარეს არის ლეგალური პროცესი, ამას უძღვება „ქართული ოცნება“ და ჩვენი საზოგადოება და პარტნიორები ხედავენ, რომ თითოეული საკითხის დამუშავება მიმდინარეობს და ამ პროცესის მიზანია სტატუსის მიღება, ხოლო მეორე მხარეს არის რადიკალური ოპოზიციის მცდელობები, რომელსაც პირიქით მიზანი აქვს, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს ქვეყანამ. საბოლოო ჯამში, ეს მცდელობები უშედეგო იქნება. ელემენტარულ საკითხებზეც ყველაზე დესტრუქციული ნაბიჯები აქვთ. ცხადია, მოლოდინი არ მაქვს, რომ მათი მხრიდან რაიმე კონსტრუქციული შეთავაზება იქნება. რაც შეეხება მათ ვირტუალურ კანონის პროექტებს, ამით უფრო მეტად მოხდება მათი მიზნების ლუსტრირება“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
ცნობისათვის, ოპოზიციის ნაწილმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მომდევნო კვირაში მოხდება მათ მიერ, ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად შემუშავებული კანონპროექტების ინიცირება საქართველოს პარლამენტში სექტემბრის ბოლომდე.
„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ უმთავრეს პოლიტიკურ ამოცანას წარმოადგენს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, რისთვისაც მზად ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს მიერ წარდგენილ ინიციატივებზე და მხარი დავუჭიროთ ევროკომისიის რეკომენდაციების რეალურად შესრულებისთვის საჭირო ყველა ინიციატივას“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომლის ავტორები არიან: „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „რესპუბლიკური პარტია“, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები - თამარ კორძაია, თაკო ჩარკვიანი, არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე და ნატო ჩხეიძე.