შესაძლოა, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული ფულადი ჯარიმები შემცირდეს. კერძოდ, ფრაქცია „ეროვნულმა ფორუმმა“ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები მოამზადა, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უკვე მოხდა.
საკანონმდებლო წინადადების გათვალისწინებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას, მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას - 20 ლარის ოდენობით, მაშინ როდესაც, დღეს მოქმედი ნორმით, ეს ჯარიმა - 40 ლარს შეადგენს.
ცვლილებებით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობის გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას - 25 ლარის ოდენობით, მაშინ, როდესაც დღეს მოქმედი ნორმით, ჯარიმა - 50 ლარია.
ამას გარდა, ინიციატივით, სამშენებლო ან სხვა სახის მასალების, ნარჩენების გადაზიდვა ისეთი სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებსაც აქვს გაუმართავი საბარგული ან მისაბმელი მოწყობილობა, რაც ქმნის გზის საფარის დანაგვიანების ან დაზიანების საფრთხეს, გამოიწვევს დაჯარიმებას - 200 ლარით, ხოლო იგივე ქმედება თუ ჩადენილი იქნა განმეორებით, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით. (დღეს მოქმედი ნორმით, პირველ ეტაპზე, ჯარიმა - 300 ლარია, ხოლო განმეორებით - 900 ლარი).
ასევე კანონპროექტით, მოტოციკლით, კვადროციკლით, ველოსიპედით, ან სხვა, მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებით თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში გადაადგილებისას კანონმდებლობით ან/და შესაბამისი თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს გაფრთხილებას, ან დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით. ხოლო, წლის განმავლობაში იგივე ქმედების განმეორება გამოიწვევს დაჯარიმებას - 25 ლარის ოდენობით. (კანონის დღეს მოქმედი ნორმით, პირველ ეტაპზე ჯარიმა - 20 ლარია, ხოლო მეორეჯერ - 50 ლარი).
ამასთან, კანონპროექტით, გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას - 25 ლარის ოდენობით, მაშინ როდესაც, დღეს მოქმედი ნორმით, ჯარიმა - 50 ლარია.
ცვლილებებით, მარეგულირებლიდან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული („დაუთმე გზა“, „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“) ან ამკრძალავი („შესვლა აკრძალულია“, „მოძრაობა აკრძალულია“) ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა გამოიწვევს დაჯარიმებას - 30 ლარის ოდენობით, რომელიც დღეს მოქმედი ნორმით, 50 ლარია.
ასევე, ინიციატივით, შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა გამოიწვევს დაჯარიმებას - 50 ლარის ოდენობით, ხოლო ამ ქმედების განმეორებითი ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. (დღეს მოქმედი კოდექსით, პირველ ეტაპზე, ჯარიმა - 100 ლარია, ხოლო მეორეჯერ 200 ლარი).
ამასთან, ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა გამოიწვევს დაჯარიმებას - 10 ლარის ოდენობით.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, კანონპროექტით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, გამოიწვევს დაჯარიმებას - 75 ლარის ოდენობით, მაშინ, როდესაც დღეს მოქმედი ნორმით, ეს ჯარიმა 100 ლარს შეადგენს.
კანონპროექტით, სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე, სანათი ან ხმოვანი ხელსაწყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვის გარეშე დაყენება, ანდა ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილისათვის განკუთვნილი შეფერილობის უკანონოდ გამოყენება, გამოიწვევს დაჯარიმებას - 100 ლარის ოდენობით, აგრეთვე სპეციალური ხელსაწყოს კონფისკაციას.
ასევე, ცვლილებებით, იმ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის შეფერხება, რომლებზედაც ჩართულია სპეციალური სიგნალები ან რომლებიც ახორციელებენ ესკორტს ან რომლებსაც მიაცილებენ, გამოიწვევს დაჯარიმებას - 250 ლარის ოდენობით.
ამას გარდა, პროექტით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი, გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას 2 წლის ვადით.
კანონპროექტით, თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების ადგილას ავტოტრანსპორტის პარკირებისათვის თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას - 5 ლარის ოდენობით.
ცვლილებების ავტორი დეპუტატი თემურ მაისურაძეა, რომლის განმარტებითაც, წინადადების მომზადების მიზეზია საჯარიმო სანქციების შეუსაბამობა მოქალაქეთა ქონებრივ მდგომარეობასთან.