ამა წლის იანვარში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, სადაც გააკრიტიკა „მფლობელობის გადანაცვლებები ქართულ კერძო მედიაში“, რაც კანონიერი მფლობელებისთვის ტელეკომპანია იმედის დაბრუნებას შეეხებოდა. რეზოლუცია დაფუძნებული იყო მთელ რიგ ფაქტობრივ შეცდომებსა და გაუგებრობებზე და ძირს უთხრიდა რეფორმებს საქართველოში.
2007 წლის 7 ნოემბერს სპეციალური დანიშნულების ძალები დამოუკიდებელი ტელევიზია იმედის შენობაში შეიჭრნენ, დაიტაცეს ტელევიზიის აპარატურის დიდი ნაწილი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მომსახურე პერსონალს, მათ შორის ფეხმძიმე კორესპონდენტს. იმ ღამეს მაუწყებლობა შეწყდა და მედიასაშუალების მუშაობა 2008 წლის მარტამდე შეჩერდა.
ტელეკომპანია „იმედი“ ზოგჯერ სააკაშვილის მთავრობას აკრიტიკებდა, მან გაავრცელა ინფორმაცია 2006 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სანდრო გირგვლიანის მკვლელობისა და იმ ანტისამთავრობო დემონსტრაციების შესახებ, რომელმაც ათი ათასობით დემონსტრანტი გამოიყვანა ქუჩებში 2007 წლის შემოდგომაზე.
2008 წელს, როცა მაუწყებლობა აღდგა, ტელევიზია უკვე მმართველი პარტიის მმართველობის ქვეშ იყო, კერძოდ - გიორგი არველაძის (დირექტორი), რომელიც გახლდათ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის იმდროინდელი ხელმძღვანელი, დავით კეზერაშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის და გიგი უგულავას, თბილისის მერის მმართველობის ქვეშ, რომლის საქმეც ამჟამად ძიებაშია არაკანონიერი ფინანსური გარიგებების ბრალდებით.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ცდილობდა ყურადღება მიეპყრო დარღვევებზე მედიასა და სიტყვის თავისუფლების სფეროში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2012 წლის ანგარიშში „ვინ ფლობდა საქართველოს“ მიუთითა, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყნის ორ დიდ ტელეკომპანიას ფლობდნენ და მართავდნენ ყოფილი სამთავრობო მაღალჩინოსნები ან ადმინისტრაციასთან დაკავშირებული პირები“.
ამ მოვლენებმა აგრეთვე გამოიწვია მწვავე კრიტიკა საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან, მათ შორის ევროპარლამენტისაც, რომელმაც 2007 წლის 26 ნოემბერს მოუწოდა „საქართველოს ხელისუფლებას, რომ მათ ტელე და რადიო კომპანია იმედს მისცენ მაუწყებლობის დამატებითი დაყოვნების გარეშე განახლების შესაძლებლობა და უზრუნველყონ კომპანიისთვის მისი შენობის დაზიანებისა და მოწყობილობების განადგურების კომპენსირება და ანაზღაურება“.
2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოს ახალმა მთავრობამ დაიწყო მედიის თავისუფლების აღდგენის შესახებ წინასაარჩევნო დაპირების შესრულება ტელეკომპანია იმედის მისი ყოფილი მფლობელებისთვის დაბრუნებით. ამან გამოიწვია „Freedom House“-ის მიერ საქართველოს ქულების შეცვლა პრესის თავისუფლების 2013 წლის ანგარიშში, სადაც საქართველოს ქულა 52-დან 49-მდე ჩამოვიდა და ნათქვამი იყო, რომ „ქვეყანამ სარგებელი მიიღო სატელევიზიო ბაზარზე პოლიტიკური მრავალფეროვნების ზრდით, მათ შორის წინა კერძო მფლობელებისთვის ტელეკომპანია იმედის დაბრუნებით.“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ განაცხადა, რომ შემცირდა მიკერძოებულობა მედიაში. მიმდინარეობს მნიშვნელოვანი რეფორმები ჩვენს ქვეყანაში პრესის თავისუფლების გასაძლიერებლად. ჩვენ მივესალმეთ რეფორმების ამ პროცესის დაწყებას, სადაც მთავრობა ცდილობს საკანონმდებლო პროცესში ჩართოს არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორიცაა „მედია ადვოკატირების კოალიცია“. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს დანიშვნის პროცედურებში გატარებულ ცვლილებებსაც აგრეთვე მიესალმებიან ისინი, ვინც მედიიის თავისუფლებას იცავენ. ამის შესახებ ნათქვამია ევრკომისიის 2013 წლის მარტის ანგარიშში. კერძოდ შეფასებაში მითითებულია, რომ „მედიის გამჭვირვალეობის კუთხით კანონმდებლობის განხორციელება მისასალმებელი მიღწევაა“.
დუნია მიატოვიჩი, უეთოს მედიის თავისუფლების წარმომადგენელი, აგრეთვე მიესალმა შემოთავაზებულ ცვლილებებს, როგორც გამჭვირვალეობისა და პლურალიზმის ზრდას.
იმ ძალისხმევების აღიარება, რომელიც გაღებულ იქნა დემოკრატიული ღირებულებების ხელშესაწყობად ისეთ გარდამავალ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მნიშვნელოვანია მის გასაძლიერებლად. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანების უფლებების სრულად განხორციელების მონიტორინგსა და ლეგალიზებაში, მათ შორის სიტყვის თავისუფლების უფლებისა და მედიის თავისუფლების საკითხებში. სწორედ ამ მიზეზით ის მოვალეა გამოასწოროს იანვრის რეზოლუციაში აღნიშნული მცდარი წარმოდგენა საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ. ირონიულია ის, რომ ტექსტი იარაღად იქცა იმათ ხელში, ვინც თავად ზღუდავდა მნიშვნელოვან უფლებებს საქართველოში.