დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში ახალი ეკონომიკური სკოლის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. კვლევა ჩატარდა პროექტის „მეწარმის, როგორც გზამკვლების და შემოქმედის იმიჯის დამკვიდრება პოსტსაბჭოურ ეპოქაში“ ფარგლებში და მისი შედეგები ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტმა, პაატა შეშელიძემ წარმოადგინა. სინდიკატური კვლევის ფარგლებში საქართველოში სულ 3100 ადამიანი გამოიკითხა. ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ეს რიცხვი ქვეყნის 7 უდიდესი ქალაქის 18-დან 54 წლამდე ასაკის მოსახლეობას წარმოადგენს და მისი განზოგადება ამ ასაკის 1 144 000 ადამიანზეა შესაძლებელი.
პაატა შეშელიძის თქმით, კვლევამ საქართველოში მეწარმის მიმართ საზოგადოების განწყობა წარმოაჩინა. შეშელიძე ამბობს, რომ არის რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი, რაც ამ კვლევამ აჩვენა. მისი თქმით, პირველი ასეთი მნიშვნელოვანი შედეგი არის ის, რომ საქართველოში მეწარმის მიმართ განწყობა უაღრესად პოზიტიურია, ადამიანებს ესმით თუ რა როლი აქვს მეწარმეს საზოგადოებაში და ესმით მისი პრობლემები, მათ შორის ესმით მორალური ხასიათის პრობლემები.
შეშელიძის განცხადებით, გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს როლი უნდა იყოს ძალიან შეზღუდული, გადასახადები უნდა იყოს დაბალი და რეგულირებები მცირე, თვითონ სახელმწიფოს როლი წარმოუდგენიათ, როგორც ხელშემწყობის და არა მმართველის.
„ყველაფერი ეს, ჩემი აზრით, პოლიტიკური თვალსაზრისით თუ იქნება განხილული, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოში (ყოველ შემთხვევაში, ამ პერიოდში, რაც ეს კვლევა ჩატარდა, ანუ გასული წლის ბოლო და მიმდინარე წლის დასაწყისი), საზოგადოებაში არ არსებობს მოთხოვნა, რომ სახელმწიფო ბიზნესში ჩაერიოს, მართოს იგი, პროგრამები აითვისოს, კერძო სექტორი სახელმწიფო სექტორით ჩაანაცვლოს. ამ მოსაზრების გამყარებისთვის, კვლევის რამდენიმე შედეგს მოგახსენებთ“, - აცხადებს პაატა შეშელიძე.
მისი თქმით, კითხვაზე, თუ რა განაპირობებს საზოგადოების ეკონომიკურ ზრდას, გამოკითხულთა 47% პასუხობს, რომ ეს არის მეწარმეები, ხელისუფლებას მიუთითებს 34%, მაგრამ მომდევნო კითხვებიდან ჩანს, რომ ეს არ გულისხმობს ბიზნესში სახელმწიფოს ჩარევას, არამედ ეს არის მხარდაჭერა და სამართლებრივი გარანტიების შექმნა. კითხვაზე, რამდენად დიდია ნდობა მეწარმეებისადმი, 49% პასუხობს, რომ სრულად ენდობა, ხოლო 26% უფრო ენდობა, ვიდრე არ ენდობა.
პაატა შეშელიძის განმარტებით, ქართულ საზოგადოებაში მეწარმეები აღიქმებიან როგორც შემოქმედი ადამიანები, შრომისმოყვარეები, რომლებიც თავის თავზე რისკს იღებენ, რაც დასაფასებელია, ანუ ადამიანებს ესმით, თუ რას აკეთებს მეწარმე. ასევე შეშელიძე ამბობს, რომ ეს პოზიტიური განწყობა მეწარმის მიმართ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ცოტათი გაიზარდა, ანუ რაც დრო გადის, მეწარმეების მიმართ ასეთი დამოკიდებულება უფრო მყარდება.
„ძალიან ბევრ ადამიანს თვითონ უნდა, რომ იყოს მეწარმე და ასევე სურს, რომ მისი შვილი იყოს მეწარმე. ამასთანავე, არც ბიზნესში წარუმატებლობა მიიჩნევა რაღაც დიდ ტრაგედიად, ეს ჩვეულებრივი ამბავია, გამოსწორებადია. გამოკითხულთა 82% ფიქრობს, რომ მეწარმე შემოქმედი, ინოვატორია, ასევე 79% ფიქრობს, რომ მეწარმეობა საზოგადოებისთვის სასარგებლოა. 43%-ს კი სურს, თავად იყოს მეწარმე, დანარჩენი შუალედური პასუხებია. ყველა ეს გარემოება ცალსახად აჩვენებს, რომ საზოგადოებაში მეწარმეების მიმართ დამოკიდებულება პოზიტიურია და ამ დამოკიდებულების გამოყენებაც შეიძლება და გაფრთხილებაც საჭიროა“, - აღნიშნავს პაატა შეშელიძე.
მისი თქმით, არის უარყოფითი ელემენტებიც, მაგრამ მათი პროცენტული წილი 50%-ს არ სცდება. მაგალითად, საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ მეწარმეებს შემოსავალი ექსპლოატაციის ხარჯზე აქვთ, მაგრამ არ არის კარგად ჩამოყალიბებული, რას გულისხმობენ ამაში გამოკითხულები. ასევე გამოკითხულთა 42% მიიჩნევს, რომ ბიზნესმენებს ფული უნდათ, მაგრამ ცხადია, ფული მნიშვნელოვანი კომპონენტია, ანუ გარკვეული შედეგია.
„თუ ამ კვლევას გავიზიარებთ და სხვადასხვა წყაროებიდან გადავამოწმებთ, ალბათ პოლიტიკური თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა არის ის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად დაპირისპირებებისა, მიუხედავად პოლიტიკისა და ა.შ. საზოგადოების დაკვეთა არ არის სახელმწიფოს ჩარევა და მეწარმეების სხვადასხვა ჩარჩოთი შეზღუდვა“, - ამბობს პაატა შეშელიძე.
ბატონო პაატა, რა იყო ამ კვლევლის მიზანი?
- ეს იყო ჩანაფიქრი, რომ შეგვესწავლა, თუ როგორი იყო საზოგადოების განწყობა მეწარმის მიმართ. ამ კვლევის შემდეგ ვგეგმავთ რამდენიმე ღონისძიებას. კერძოდ, უკვე გამოცხადებული გვაქვს ვიდეო და აუდიო ნაშრომების კონკურსი ახალგაზრდებისთვის. გვინდა ახალგაზრდებმა წარმოადგინონ ეს ნაშრომები, რომლებიც მეწარმის იმიჯის შესახებ იქნება. გამარჯვებულებისთვის ფულად ჯილოდებსაც ვაწესებთ, პირველი ადგილისთვის გათვალისწინებულია 1000 ევრო, მეორე ადგილისთვის - 500 ევრო, ხოლო მესამე ადგილისთვის 300 ევრო. ბოლო ვადა არის ნოემბერში, ასე რომ დრო კიდევ არის და კარგი იქნება, მედიაც თუ დაგვეხმარება ამ ინფორმაციის გავრცელებაში.
ასევე გვინდა გავაკეთოთ ტელე და რადიო გადაცემები მეწარმეობაზე, რათა საზოგადოებას დავანახოთ, რა არის პოზიტიური, ან რა არის ნეგატიური, რაც შეიძლება გამოსწორდეს. დაბოლოს, გვინდა დავბეჭდოთ ბილბორდები (მაგალითად ისეთი ფორმატის, ავტობუსების გაჩერებებზე რომ არის ხოლმე განთავსებული) იმისათვის, რომ საზოგადოების განწყობაში არსებული პრობლემებიდან ერთ-ერთი წარმოვაჩინოთ და მივუთითოთ, რომ მეწარმე ამ შემთხვევაში კარგია, სხვა შემთხვევაში - შეიძლება ნაკლებად, მაგრამ მთლიანად ჩვენი პროექტის მიზანია, რომ საზოგადოებაში მეწარმის მიმართ დამოკიდებულება კიდევ უფრო პოზიტიური გახდეს.
თქვენი კვლევის შედეგად რა ტენდენციები გამოიკვეთა და თუ შეიძლება პარალელი რომ გავავლოთ განვითარებულ ქვეყნებში არსებულ ვითარებასთან?
- სხვათაშორის ეს კვლევა პარალელურად ჩატარდა ლიტვაში, ბულგარეთსა და ყირგიზეთში, რაზეც ოთხი ორგანიზაცია ვმუშაობთ. რადგან ეს კვლევა ერთდროულად, ერთი მეთოდოლოგიით და ერთი პროექტის ფარგლებში ჩატარდა, ალბათ უფრო უპრიანია, ეს შედეგები შედარდეს. მინდა გითხრათ, რომ მეწარმის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება ამ ქვეყნებს შორის ყველაზე პოზიტიურია საქართველოში. რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ყველაზე ნაკლებ პოზიტიურია ეს განწყობა ბულგარეთში, მაგრამ ამასაც თავისი ახსნა აქვს. ბულგარეთი ევროპის კავშირის წევრი ქვეყანაა, ძალიან ბევრი რეგულირებები და სუბსიდირებებია ბიზნესზე. შესაბამისად, საზოგადოებრივი განწყობა შეცვლილია და დომინირებს ბიუროკრატიული ხედვა.
ჩვენთან ყველაზე ახლოს არის ყირგიზეთი, რომელიც ასეთი ბიუროკრატიული წნეხით ნაკლებად შეზღუდული ქვეყანაა. ლიტვა დაახლოებით ყირგიზეთსა და ბულგარეთს შორის არის.
საზოგადოების განწყობა მეწარმეების მიმართ ბიზნესის და ზოგადად ეკონომიკის განვითარებაზე აისახება?
- თუკი საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მეწარმეობა პოზიტიურია, სურთ თვითონ და მათი შვილები იყვნენ მეწარმეობაში ჩართულები, ასევე მიიჩნევენ, რომ მეწარმეები შემოქმედებითი ადამიანები არიან, ანუ რადგან ასეთი პოზიტიური განწყობაა ზოგადად, ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება მიდრეკილია, ამ მიმართულებით უფრო მეტი აქტივობა დაიწყოს, თუკი სათანადო ხელშეწყობა ექნება. ჩემი აზრით, ხელშეწყობა ნიშნავს სახელმწიფოს მხრიდან ჩაურევლობას. ამდენად, თუ იქნება თავისუფლება, ადამიანები ამ თავისუფლებას გამოიყენებენ.“