როგორც დღეს გახდა ცნობილი, სანდრო გირგვლიანის საქმეზე დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვსა და საქმის ახალ ფიგურანტს - დაკავებულ დავით ქოქიაშვილს ბრალს უახლოეს პერიოდში წარუდგენენ. სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან შვიდ წელიწადზე მეტი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში, საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი იყო, ოქროყანაში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები, შემკვეთები და შემსრულებლები, თუმცა ქოქიაშვილის გვარმა პირველად გაიჟღერა.
დავით ქოქიაშვილი დღეს თბილისის პროკურატურამ სანდრო გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის გატაცებისა და ოქროყანის სასაფლაოზე ჩადენილი დანაშაულის მონაწილეობისთვის დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ქოქიაშვილი დანაშაულის კიდევ ერთი, მეხუთე მონაწილეა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირის მონაწილეობა ჩადენილ დანაშაულში უკანასკნელ პერიოდამდე დაფარული იყო საზოგადოებისათვის. დაკავებული დანაშაულის ჩადენის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილედ მუშაობდა. 2006 წლის 30 სექტემბრიდან იგი მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსად დაინიშნა, შემდეგ შს სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად. ამ თანამდებობაზე დავით ქოქიაშვილმა 2011 წლის სექტემბრამდე დაჰყო. 2011 წლის სექტემბრიდან კუდ-ის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა, ხოლო 2012 წლის 18 ოქტომბრამდე ისანი-სამგორის შს სამმართველოს უფროსად, საიდანაც დაითხოვეს.
საქმეში მორიგი ფიგურანტის გამოჩენა საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და არ არის გამორიცხული, რომ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ახალი გვარებიც წამოტივტივდეს. ამდენად, მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება, თუ ერთხელ კიდევ შევახსენებთ „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკისა“ და „გამოცხადებული სიცრუის ქრონიკის“ დეტალებს, რომელმაც შეძრა ქართული საზოგადოება და იგივე ფსიქოლოგიური ეფექტი იქონია სტრასბურგის სასამართლოზე, რომლის დასკვნაც, დემოკრატიული სახელმწიფოს პირობებში მმართველი პარტიისა და პრეზიდენტის პოლიტიკური კარიერის მყისიერი დასასრული იქნებოდა.
- სანდრო გირგვლიანის მკვლელობსთან დაკავშირებით მაშინდელმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა პირველი განცხადება თითქმის ერთი თვის შემდეგ გააკეთა და მიანიშნა, რომ საქმეში ნახსენები არც ერთი თანამშრომელი თანამდებობიდან არ გათავისუფლდებოდა. 28 თებერვალს გამართულ საპარლამენტო მოსმენებზე მერაბიშვილმა განაცხადა, რომ გამოძიებას ჯერ არ ჰქონდა გამოვლენილი რაიმე ფაქტობრივი მტკიცებულება, რომელიც გავრცელებული ვერსიით დასახელებული შს სამინისტროს თანამშრომლების გათავისუფლების საბაბი შეიძლება გამხდარიყო. მან ასევე განაცხადა, რომ ამ თანამშრომელთა დაკავშირება ამ საქმესთან იყო პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობა...
„არის მცდელობები, ეს საქმე ჩემი ოჯახის წევრებს დაუკავშირონ. ეს მიზანმიმართულად კეთდება, რომ ჩემს ნერვებზე იმოქმედონ. რა თქმა უნდა, მე პასუხისმგებელი ვარ ყველაფერზე, რაც ჩემს ოჯახის წევრებს ან ჩემს თანამშრომლებს ეხება“, - აღნიშნა მერაბიშვილმა.
ვანო მერაბიშვილის გამოსვლისას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა კი მადლობა მოახსენეს მერაბიშვილს მისი სამინისტროს ოპერატიული მუშაობისთვის. გივი თარგამაძის შეფასებით, ოპოზიციის დემარში იყო დადგმული შოუ.
„ისინი სპეკულირებენ გირგვლიანის მკვლელობის საქმით და ცდილობენ ეს თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია“, - განაცხადა მაშინ გივი თარგამაძემ.
საპარლამენტო მოსმენების შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მერაბიშვილის გადადგომა მოითხოვეს. - მარტში მოვლენები საკმაოდ გამწვავდა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასული კიდევ ერთი გადაცემის შემდეგ, რომელშიც ეჭვქვეშ დააყენეს ერთ-ერთი ყოფილი პოლიციელის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია.
მეორე დღესვე, მოულოდნელად, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ სამინისტროს ოთხი თანამშრომელი გია ალანია, ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე გაჩავა და მიხეილ ბიბილური გირგვლიანის საქმის გამო დააპატიმრეს, როგორც მკვლელობაში ეჭვმიტანილები. მინისტრს გამოძიების დეტალები არ გაუხმაურებია, თუმცა თქვა, რომ არსებობდა მტკიცებულებები, რომლებიც მათ მკვლელობასთან კავშირს ადასტურებდა. თუმცა, მანამდე გავრცელებულ ვერსიაში ამ პირთა სახელები არ ფიგურირებდა. - ამ განცხადებიდან ძალიან მალე ოპოზიციამ დამკვეთების დაპატიმრებაც მოითხოვა. შედეგად გურამ დონაძე მოულოდნელად თანამდებობიდან გაათავისუფლეს, თუმცა ოფიციალურ მიზეზად ჟურნალისტთან კონფლიქტური ურთერთობა დასახელდა. ცალკე, სანდრო გირგვლიანის დედა, ცალკე - ოპოზიცია და სახალხო დამცველი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის დათა ახალიას გათავისუფლებას, მისი მოადგილის ოლეგ მელნიკოვის დაპატიმრებას და საქმის ობიექტურად გამოძიებას ითხოვდა, თუმცა მმართველმა პარტიამ შს მინისტრს სრული თანადგომა გამოუცხადა.
- მალევე, დათა ახალიამ და ოლეგ მელნიკოვმა გამოძიების დასრულებამდე თანამდებობიდან დროებით გადადგომის შესახებ განაცხადეს. ახალაიამ განაცხადა: „ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო 28 იანვარს ჩადენილ დანაშაულთან, როგორც პირდაპირ, ასევე ირიბად. ზოგიერთს გაუკვირდება, მაგრამ ამ საქმის გახსნა ჩვენი მცდელობის შედეგად მოხერხდა. ამის მიუხედავად, ვინაიდან ჩვენ მორალურად ვთვლით თავს პასუხიმსგებლად საზოგადოების, ჩვენი მთავრობისა და ჩვენი ოჯახების წინაშე, ჩვენ გადავწყვიტეთ მივმართოთ შინაგან საქმეთა მინისტრს, რათა მან მოგვიხსნას თანამდებობრივი უფლებები“.
მაშინ ახალაიასა და სანოძის გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტროზე საზოგადოების ზეწოლის შედეგად შეფასდა. თუმცა, არც მკვლელობის მოტივზე და არც მკვლელობის დამკვეთების გამოვლენაზე შს სამინისტროს არ უმუშავია და, რაც მთავარია, არ გადამდგარა შს მინისტრი. - 16 მარტს თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც ათასობით მძღოლმა ერთდროულად ჩართო მანქანის სიგნალი, შს მინისტრი ვანო მერაბიშვილის გადაყენების მოთხოვნის ნიშნად. საპასუხოდ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოპოზიციის მოთხოვნას მერაბიშვილის გათავისუფლების შესახებ „სასაცილო“ უწოდა და თქვა, რომ მხარს უჭერდა მინისტრს, ვინაიდან ის „ნამდვილად კარგი მინისტრი“ იყო. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე აქცია მოეწყო, თუმცა, საბოლოოდ, მომიტინგეები პოლიციამ დაშალა და დააჯარიმა კიდეც.
- მკვლელობაში ეჭვმიტანილთა დაკავებისთანავე, სპეციალურად ამ საქმისთვის, მაშინდელმა საქართველოს პარლამენტმა ორჯერ დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები - სსკ-ს ის მუხლი, რომელიც 12-წლიან სასჯელს ითვალისწინებდა, ექვს წლამდე შემცირდა.
- შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს მაშინდელ უფროსს გია ალანიას და იმავე დეპარტამენტის კიდევ სამ თანამშრომელს - ავთანდილ აფციაურს, ალექსანდრე ღაჭავას და მიხეილ ბიბილურიძეს 2006 წლის ივლისში თბილისის საქალაქო სასამართლომ რვა და შვიდწლიანი პატიმრობა შეუფარდა ზიანის მიყენებისთვის, რამაც 28 წლის სანდრო გირგვლიანის სიკვდილი გამოიწვია.
- 2006 წლის დეკემბერში სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. თუმცა, ერთი წლის შემდეგ უზენაესმა სასამართლომ მათ სასჯელის ვადა ექვსი თვით შეუმცირა. შემდეგ 2008 წლის ნოემბერში ოთხივეს ვადა განახევრდა პრეზიდენტის შეწყალების აქტით.
- სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებული შსს-ს ოთხი ყოფილი თანამშრომელი პატიმრობიდან გაათავისუფლეს იმ 400-მდე მსჯავრდებულთან ერთად, რომელთაც შეეცვალათ სასჯელის ფორმა. სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს განცხადებით, სასჯელის ფორმა შეეცვალა იმ პატიმრებს, რომელთაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, ითანამშრომლეს გამოძიებასთან, სასამართლოსთან, მოიხადეს თავისუფლების აღკვეთის კანონით დადგენილი ვადა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ყოფნის პერიოდში არ დაურღვევიათ შინაგანაწესი და რეჟიმი.
- სტრასბურგის სასამართლოში მოსარჩელეები - ირინა ენუქიძე (სანდრო გირგვლიანის დედა, რომელიც 2007 წლის აგვისტოში გარდაიცვალა, სტრასბურგში სარჩელის წარდგენის შემდეგ) და გურამ გირგვლიანი (მამა) - ამტკიცებდნენ, რომ ამ საქმეში დარღვეული იყო ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი.
- სტრასბურგში არსებულმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 26 აპრილს ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ გირგვლიანის ოჯახის სარჩელი და განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიებას „აშკარად აკლდა საჭირო დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და საფუძვლიანობა“.
- 2011 წლის 26 აპრილის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ხელისუფლებას მოსარჩელეებისათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 50 000 ევროს გადახდა დაეკისრა. სასამართლომ აღნიშნა, რომ ის გაოგნებულია იმ ფაქტის გამო, რომ არც პროკურატურა და არც ადგილობრივი სასამართლოები არ შეეცადნენ გაერკვიათ საქმის რამდენიმე ძირითადი გარემოება.
„სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ... რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“, - ნათქვამია დასკვნაში.
ასევე ხაზგასმულია, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მიერ შეთანხმებული მოქმედება მოიცავდა ისეთ ქმედებებს, როგორიც იყო ხარვეზები როგორც შსს–ს მიერ, ასევე პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიებებში. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უკანონო გადაწყვეტილება ყველა განსასჯელის ერთ საკანში მოთავსებასთან დაკავშირებით. ასევე ხარვეზები სასამართლოს მიმდინარეობისას და პრეზიდენტ სააკაშვილის არაკეთილგონივრული შემწყნარებლობა მსჯავრდებულთა მიმართ, როდესაც 2008 წელს მან შეიწყალა ისინი და სასჯელი გაუნახევრა. უფრო მეტიც, ქართულმა მხარემ ევროპის სასამართლოსაც კი არ მიაწოდა პატარკაციშვილის სახლიდან ამოღებული ვიდეომასალა, სადაც შეიძლებოდა დაფიქსირებული ყოფილიყო მკვლელობის ღამეს ოქროყანისკენ მიმავალი ავტომანქანების მოძრაობა.