დღეს დილით იტალიურმა „Sky Sport Italia”-მ გაავრცელა ცნობა, რომ ტურინის „იუვენტუსმა“ არგენტინის ეროვნული გუნდისა და ბრიტანული „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი კარლოს ტევესი შეიძინა.
იტალიელებს სამხრეთ ამერიკელის ყიდვა 9 მილიონი ევრო დაუჯდათ. ინგლისელები ფეხბურთელის სანაცვლოდ თავდაპირველად 15 მილიონს ითხოვდნენ, მაგრამ „იუვენტუსის“ დირექტორებმა ჯუზეპე მაროტამ და ფაბიო პარატიჩიმ ბრიტანელებისაგან თანხის დაკლებას მიაღწიეს.
არგენტინელი ფეხბურთელი ტურინულ გუნდთან სამწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და ხელფასის სახით წელიწადში 5,5 მილიონ ევროს მიიღებს.
29 წლის ტევესი „მანჩესტერ სიტიში“ 2009 წლიდან ასპარეზობს. ამ გუნდის მაისური 138 ოფიციალურ შეხვედრაში მოირგო და 73 გოლი გაიტანა.
იტალიური მას-მედიის მტკიცებით, „იუვეს“ წარმომადგენლებს სერბი მცველი ალექსანდრე კოლაროვის ყიდვაც უნდოდათ, მაგრამ „სიტიმ“ მის გაშვებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.