გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, გაეროს სამდივნო მზადაა, მხარი დაუჭიროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ნებისმიერ მისიას კიევიდან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურამდე გადაადგილებაში.
„ძალიან შეშფოთებული ვარ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში და მის გარშემო არსებული ვითარებით. გაეროს სამდივნო მზადაა მხარი დაუჭიროს IAEA-ს ნებისმიერ მისიას კიევიდან სადგურამდე“, - დაწერა გუტერეშმა Twitter-ზე.
გუტერეში აღნიშნავს, რომ „სიტუაციის შემდგომმა ესკალაციამ შეიძლება თვითგანადგურებამდე მიგვიყვანოს“.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, განაცხადა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიამ რაც შეიძლება მალე უნდა აიღოს მუდმივი კონტროლი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე.
ზაპოროჟიეს ელექტროსადგური ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურია. რუსულმა ძალებმა ის 4 მარტს აიღეს. „მას შემდეგ, დამპყრობლები ქარხანაში სამხედრო ტექნიკასა და საბრძოლო მასალას ათავსებენ და მიმდებარე ტერიტორიას ბომბავენ“, - წერს უკრაინული მედია.