პროკურატურას წამების ფაქტების არაადეკვატურ გამოძიებაში ბრალს სდებენ

პროკურატურას წამების ფაქტების არაადეკვატურ გამოძიებაში ბრალს სდებენ

ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, წამების ფაქტების გამოძიება კვლავ პრობლემად რჩება. საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ცნობების მიხედვით, როგორც წინა, ისე ამჟამინდელი ხელისუფლება წამების ფაქტების გამოვლენის შემდეგ, უმეტეს შემთხვევაში, გამოძიებას იწყებს არა წამების, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით.

მთავარ პროკურატურას წამების ფაქტების არაადეკვატურ გამოძიებაში ბრალს სდებენ; იუსტიციის სამინისტროს წამების აკრძალვისა და გამოძიებასთან დაკავშირებით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცვლილებების პროექტის შემუშავებისკენ მოუწოდებენ, ხოლო პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტს სთხოვენ სპეციალური კომისიის შექმნას, რომელიც წამების ფაქტების გამოძიების ეფექტურობას გააკონტროლებს, - ამგვარი შინაარსის წერილობითი მიმართვები წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათია“-ს პრეზიდენტმა მარიამ ჯიშკარიანმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა ზაზა ხატიაშვილმა ადრესატებს 25 ივნისს გაუგზავნეს.

26 ივნისი გაეროს მიერ გამოცხადებულია წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღედ. ეს დღე ყოველწლიურად მსოფლიოს 70–ზე მეტ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც 10 წელია აღინიშნება. ჯიშკარიანისა და ხატიაშვილის მიმართვებიც, რომელიც გარკვეულ ფაქტებს ეყრდნობა, სწორედ წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღეს უკავშირდება.

„2012 წლის სექტემბერში გამჟღავნებული პატიმართა სასტიკი წამების ამსახველი ვიდეოკადრებისა და ზუგდიდის სამალავებში ნაპოვნი შემაძრწუნებელი წამების ფაქტების შემდეგ საზოგადოებისთვის ცხადი გახდა, რომ საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში, თუ ციხეთა სისტემაში წამებას სისტემური ხასიათი ჰქონდა. თუმცა, იმ ფონზე, როდესაც 2013 წლის 14 ივნისს, 16 ჯალათს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მიესაჯა არაადეკვატური სასჯელები, რომელთაგან ზოგი გათავისუფლდა, ხოლო უმაღლესი სასჯელი მხოლოდ ერთ პირზე განისაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთით და თანამდებობის დაკავების უფლება ზოგიერთს საერთოდ არ ჩამორთმევია, ზოგ მათგანს კი ჩამოერთვა მაქსიმუმ 1 წლითა და 3 თვის ვადით, ეჭვქვეშ დგება გამოძიების ადეკვატურობის, ეფექტურობისა და მიუკერძოებლობის საკითხი, ისევე, როგორც სასამართლო გადაწყვეტილების ადეკვატურობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში http://tcc.gov.ge/index.php?m=443&newsid=533, საერთოდ არ არის განმარტებული, თუ რა მუხლებით იქნენ ჯალათები გასამართლებულები და იყო თუ არა ბრალი წაყენებული სისხლის სამართლის კოდექსის 1441 (წამების) მუხლით. შესაბამისად, გაუგებარია, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა სასამართლო გადაწყვეტილების არაადეკვატურობაზე: პროკურატურას, სასამართლოს, თუ ორივეს ერთად?!“, - ნათქვამია მიმართვის ტექსტში.

ამასთან, არჩილ კბილაშვილს არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათია“-ს პრეზიდენტი ექვსპუნქტიან კითხვებს უგზავნის და საჯარო ინფორმაციის სახით ითხოვს პასუხს, წამების მუხლებით დაწყებულ გამოძიებებთან დაკავშირებით:

1. 2012 წლის 18 სექტემბრიდან დღემდე რამდენი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლით?

2. 2012 წლის 18 სექტემბრიდან დღემდე  რამდენი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1442 მუხლით?

3. 2012 წლის 18 სექტემბრიდან დღემდე  რამდენი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლით?

4. აღნიშნული მუხლებით რამდენ პირს წაეყენა ბრალი, რამდენი საქმე არის დასრულებული და გადაცემული სასამართლოში?

5. გაასაჩივრა თუ არა პროკურატურამ  საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება? თუ არ გაასაჩივრა, რატომ მოხდა ასე?

6. ასევე გთხოვთ, გვაცნობოთ აღნიშნული მუხლებით ყოფილ თანამდებობის პირებზე, ვისზე ან/და რამდენ პირზე ხორციელდება საერთაშორისო ძებნა და რა ეტაპზეა გამოძიება?

ამ საინტერესო კითხვებზე რა პასუხს მიიღებს “ემპათია“-ს პრეზიდენტი მთავარი პროკურორისგან და გაიზიარებს თუ არა ხელისუფლება ბრალდებას, წამების ფაქტების არაადეკვატურ გამოძიებასთან დაკავშირებით, ამას for.ge აუცილებლად გაცნობებთ.