„სამწუხაროდ, საქართველო კონსტიტუციაში არაერთი ისეთი ცვლილება შევიდა, რომლებიც არა მის დახვეწას, არამედ, პირიქით, მიმართული იყო სუბიექტური პოლიტიკური ინტერესების რეალიზებისკენ“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.
ირაკლი კობახიძის თქმით, კონსტიტუციის სტაბილურობა ქვეყნის სტაბილურობის საწინდარია.
„სამწუხაროდ, კონსტიტუცია არაერთგზის დამახინჯდა. პირველ რიგში, გავიხსენებ 2004 წლის ანტიკონსტიტუციურ საკონსტიტუციო ცვლილებებს, შემდეგ, იგივე განმეორდა 2010 წელს. ორივე „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის პირობებში მოხდა. რეალურად, კონსტიტუცია ამ პარტიის ინტერესებს მოერგო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში პირველად, გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებსა და საუკეთესო დასავლურ პრაქტიკას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი შევინარჩუნოთ. კონსტიტუციის სტაბილურობა არის სახელმწიფოებრივი სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. უკანასკნელი 5 წლის მანძილზე კონსტიტუციის არც ერთი ძირითადი ნორმა არ შეცვლილა, ჩვენ ვუფრთხილდებით კონსტიტუციის ძირითად ტექსტს. იყო შემთხვევები, როდესაც შეიცვალა გარდამავალი დებულებები, რისი საფუძველიც იყო პოლიტიკური შანტაჟი და ასეთივე ცვლილებების განხორციელება მოგვიწევს წელსაც, პროკურორების ნაწილში, თუმცა ეს პრაქტიკაც უნდა დასრულდეს, რადგან შანტაჟის ფონზე არცერთი კონსტიტუციური ნორმა არ უნდა შეიცვალოს. ჩვენ გავუფრთხილდებით საქართველოს კონსტიტუციის სტაბილურობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა.