ენდრიუ გარფილდმა როლისთვის მოსამზადებლად სექსზე 6 თვით უარი თქვა

ენდრიუ გარფილდმა როლისთვის მოსამზადებლად სექსზე 6 თვით უარი თქვა

მსახიობები კონკრეტული პერსონაჟის განსასახიერებლად ხშირად განსაკუთრებულად ემზადებიან და ე.წ. method acting-ს მიმართავენ, რომლის დროსაც გადასაღებ მოედანს მიღმა საკუთარი პერსონაჟის მსგავს გარემოში ცხოვრობენ, მის ხასიათსა და ჩვევებს ითავსებენ. ასეთ მსახიობთა რიცხვს ენდრიო გარფილდიც მიეკუთვნება, რომელიც ფილმს Silence-ში როლის შესასრულებლად საგანგებოდ მოემზადა — 6 თვით სექსზე უარი თქვა და თვეების განმავლობაში მარხულობდა.

ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრად მიწვეულმა ენდრიუმ აღნიშნა, რომ მარტინ სკორსეზეს 2016 წლის ფილმისთვის მზადება დაუვიწყარი გამოცდილება იყო. ის ფილმში სასულიერო პირს განასახიერებს.

"ეს ტრანსფორმაციული პროცესი იყო. სექსზე უარი 6 თვით ვთქვი და ვმარხულობდი. ამ დროის განმავლობაში სექსსა და საჭმელზე უარის თქმა გიჟური და მაგარი გამოცდილება იყო", — თქვა ენდრიუმ.

ენდრიუმ ისიც თქვა, რომ აღნიშნული ხერხის გამოყენების შესახებ ბევრი არასწორი წარმოდგენა არსებობს. მისი თქმით, გადასაღებ მოედანს მიღმა როლში შესვლა იმას სულაც არ ნიშნავს, რომ აუცილებელია, სხვებს ეუხეშო მაშინ, როცა უხეშ პერსონაჟს განასახიერებ.

"ეს გადასაღებ მოედანზე სხვებთან უხეშობას არ ნიშნავს. ეს უბრალოდ შენ მიერ წარმოდგენილ გარემოებებში ცხოვრება, პარალელურად კი გადამღებ ჯგუფთან კარგი დამოკიდებულების შენარჩუნება და ნორმალურ ადამიანად დარჩენაა. როცა გჭირდება, როლიდან უნდა გამოხვიდე და როცა გინდა, როლში უნდა დარჩე", — განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ პერსონაჟის განსახიერებისას ამ ხერხს უამრავი მსახიობი მიმართავს. ერთ-ერთი მერილ სტრიპია, რომელმაც აღნიშნული ხერხი The Devil Wears Prada-ში მირანდას როლის შესრულებისას გამოიყენა. მერილის თქმით, ამის გამო გადაღებების დროს დეპრესიაში იყო.