„ვიღაცამ თქვა, ევროპა მოთამაშე აღარ არის, სუსტი, დაშლილი, პასიურია და თვლემსო. უკრაინამ მთელი კონტინენტი გააცოცხლა. ევროპა კვლავ მოედანზეა - მკაცრ სანქციებს აწესებს და ერთხმად აღიარებს, რომ უკრაინა ევროკავშირის მომავალი წევრია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ფაქტორის გამო, დღეს მსოფლიოში საზოგადოებრივ აზრს პოლიტიკოსებზე ისეთი გავლენა აქვს, როგორიც არასდროს.
„დღეს ხალხი კარნახობს ხელისუფლებას ტენდენციებსა და ქცევის წესებს. დღეს გულგრილობა, უმოქმედობა და ნელი მოქმედება სირცხვილია. იყო მერყევი და ზედმეტად წინდახედული, სირცხვილია. ზოზინით, ინერტულად, ბუნდოვნად და ზედმეტად დიპლომატიურად საუბარი სირცხვილია. უკრაინის მხარდაჭერაზე უარი სირცხვილია. დღეს ჩვენ გვესმის მსოფლიო ლიდერებისგან და რიგითი მოქალაქეებისგან: ჩვენ ვიქნებით თქვენთან ბოლომდე, თქვენს გამარჯვებამდე“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავს აღნიშნავს.