ბათუმში იმართება ნარკოტიკებისა და დანაშაულის საკითხებზე გაეროს ოფისის (UNODC), სუამ-ისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთობლივად ორგანიზებული სემინარი - „ეფექტური ორმხრივი სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარება ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში“. საქართველო ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილ სემინარს პირველად მასპინძლობს.
სემინარში მონაწილეობს სხვადასხვა სახელმწიფოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების, პროკურატურის და სასამართლოს 40-მდე წარმომადგენელი უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვიდან, აშშ-დან, შვეიცარიიდან, ისრაელიდან და პოლონეთიდან.
სემინარის მსვლელობისას სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა წარმომადგენლები ერთმანეთს ინფორმაციას გაუცვლიან ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმებისა და მეთოდების შესახებ. ექსპერტები კონკრეტულ რეკომენდაციებს წარმოადგენენ და მონაწილეებს ამ სფეროში მსოფლიოში არსებულ წარმატებულ პრაქტიკას გაუზიარებენ.
სემინარი ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ სამ დღეს გაგრძელდება.