შალვა პაპუაშვილი: ხელისუფლების რუსეთთან დაკავშირების კამპანია 10  წელია მიმდინარეობს და ვერცერთმა ადამიანმა შეძლო არგუმენტის მოტანა - ყველას მოვუწოდებ, ნაცვლად აღქმებზე დაფუძნებული ანალიზისა, დაუბრუნდნენ მეცნიერულ ინსტრუმენტებს

შალვა პაპუაშვილი: ხელისუფლების რუსეთთან დაკავშირების კამპანია 10  წელია მიმდინარეობს და ვერცერთმა ადამიანმა შეძლო არგუმენტის მოტანა - ყველას მოვუწოდებ, ნაცვლად აღქმებზე დაფუძნებული ანალიზისა, დაუბრუნდნენ მეცნიერულ ინსტრუმენტებს

საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან დაკავშირების კამპანია ათი წელია მიმდინარეობს, ათი წელია ვერცერთმა ადამიანმა ვერ შეძლო რაიმე ხელმოსაჭიდ მტკიცებულებაზე არგუმენტის მოტანა, ათი წელია. მე მგონი, დადგა მომენტი, რომ ამ ათი წლის თავზე მაინც ყველამ, ვინც საქართველოს ხელისუფლებას აბრალებდა რუსეთთან კავშირებს, ყველა ვინც ხელს უწყობდა ამ დეზინფორმაციას პირდაპირ თუ ირიბად, ეს განცხადებები უარყოს და დაფიქრდეს თუ რა კამპანიის ნაწილი იყო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული დეზინფორმაციული კამპანია ჰიბრიდული ომის ნაწილია.

„დღეს ეს კამპანია უფრო ინტენსიურია, ვხედავთ ჩვენ ბრალდებებს, ხან სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობა, ხან ერთი, ხან მეორე... ეს ყველაფერი არის მთლიანი ჯაჭვის ნაწილი, რომელსაც ჰქვია კამპანია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, დეზინფორმაციული კამპანია რაც გახლავთ ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც, სამწუხაროდ, ქვეყნის შიგნით ეწევიან ჩვენი რადიკალური ოპონენტები, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ათი წელი გავიდა, ერთი რამ ხომ უნდა ყოფილიყო მტკიცებულებაზე დაფუძნებული რაიმე არგუმენტი?! ეს არის სამაგალითო მოცემულობა, როდესაც აღქმებზე დაფუძნებული ანალიზი იმარჯვებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ანალიზზე - ამიტომ ყველას ქვეყნით შიგნით და გარეთ, რა თქმა უნდა, მოვუწოდებ, რომ ნაცვლად აღქმებზე დაფუძნებული ანალიზისა დაუბრუნდნენ გამოცდილ მეცნიერულ ინსტრუმენტებს, რომელსაც ჰქვია ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზი და ფაქტები კი, ბოლო ათი წლის ფაქტები გვაჩვენებს, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აღმოჩნდა სიყალბე და დეზინფორმაცია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.