მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი
დღისით ცნობილი გახდა, რომ კრწანისის სასწავლო ცენტრში აფეთქება მოხდა. დაშავებულები ჯარისკაცები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მედიისთვის უცნობი იყო დაზარალებულთა რაოდენობა და აფეთქების მიზეზი.
სამართალდამცავთა ერთ-ერთ მთავარ ამოცანა ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის დაბლოკვა იყო. ”გთხოვთ დატოვოთ საავადმყოფოს ეზო” – მოგვმართავდნენ პატრულის თანამშრომლები. ამასობაში კი, კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე ჯარისკაცების ახლობლები გროვდებოდნენ. ყველა საკუთარი ახლობლის ბედით ინტერესდებოდა. მოგვიანებით, თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა განცხადება:
”11.00სთ-ზე პირველი საარტილერიო ბრიგადის ნაღმმტყორცნელთა ბატალიონის ასეულის ჯარისკაცების წვრთნების დროს სასწავლო ცენტრ ”კრწანისში” აფეთქება მოხდა. 120მმ ნაღმმტყორცნის ჭურვის აფეთქება სავარაუდოდ წვრთნის დროს დაშვებულმა ტექნიკურმა შეცდომამ გამოიწვია. უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულია სამი სამხედრო მოსამსახურე და დაჭრილია 13.
ბოლო პერიოდში ჩვენს დანაყოფებში საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს წვრთნები. სწორედ ერთ-ერთი ასეთი წვრთნის დროს მოხდა აფეთქება. მომხდარის საბოლოოდ გამოძიებამდე ინტენსიური წვრთნები შეჩერებულია. ფაქტს, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია და გენერალური ინსპექცია იძიებს”.
დღის მეორე ნახევარში დაჭრილი სამხედროები თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. კომენტარზე უარი გვითხრეს რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მყოფმა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა. მოგვიანებით მათ საზოგადოებას გარდაცვლილი სამხედროების ვინაობა გააგებინეს.
სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ქართულ ჯარში არსებულ პრობლემებზე საუბრობს: ”ამ კონკრეტულ შემთხვევზე, სამწუხაროდ, ყველა საჭირო ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა ვიტყვი, რომ საჭიროა ჩვენ ჯარში უსაფრთხოების საკითხის მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენა. კრწანისის შემთხვევის გარდა, სხვა წვრთნებიც გვახსოვს, სადაც ჯარისკაცები და ბაზების ახლოს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა დაშავდა.
ცხადია, აბსოლუტურად დაცული და დაზღვეული არავინაა, მაგრამ უსაფრთხოების კუთხით ზომები გასამკაცრებელია. ამ შემთხვევაში კი, პირველ რიგში, ობიექტური გამოძიება გვჭირდება. თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს” - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
დაღუპული და დაჭრილი სამხედროების ახლობლების გარდა რუსთავში კრწანისში სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების ათობით ახლობელი ჩამოვიდა.
”არ შეიძლება მშობლებს მუდმივი შიში გვქონდეს. ჯარში ადამიანი დაცული უნდა იყოს! უნდა ასწავლონ, გაწვრთნან და არა მკვდარი მიუსვენონ საკუთარ ოჯახებს! ახლა არაფრის დამალვის დრო არ არის. ყველამ ყველაფერი უნდა გავიგოთ და ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს.” – ამბობს ერთ-ერთი ჯარისკაცის დედა, ნაირა ჯამასპიშვილი.
თავდაცვის სამინისტრომ და გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო, რამდენად ობიექტური იქნება მათი დასკვნა - ამას მომავალი გვიჩვენებს.
სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში ქართულ ჯარში არსებული ვითარება საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი. თავდაცვის სამინისტრო ისეთივე დახურულ უწყება გახდა, როგორც შსს. ამ სისტემიდან, ინფორმაცია სწორედ, კრწანისის ინციდენტის მსგავსი პრობლემის წარმოქმნის შემდეგ ჟონავს.
849
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85