კანიე ვესტმა ახლახან ტანსაცმლის ბრენდ Gap-ის კოლექცია გამოუშვა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მაშინვე მოექცა. ამჯერად ინტერნეტი კანიე ვესტს იმის გამო აკრიტიკებდა, რომ მაღაზიებში კოლექცია "ნაგვის ტომრებში" იყო ჩალაგებული და მომხმარებელს სასურველი სამოსი თავად უნდა მოეძებნა.
"შემომხედეთ, მე ინოვატორი ვარ. არ ვაპირებ, რომ ჩემი იდეების გამო ბოდიში მოვიხადო. მედია კი სწორედ იმას ცდილობს, რომ ყველა იდეისთვის ბოდიში მოგვახდევინოს, რომლებიც მათ შეხედულებებს არ ემთხვევა", — განაცხადა კანიემ Fox-თან ინტერვიუს დროს.
კანიე ვესტის თქმით, ახალი კოლექცია ნაგვის ტომრებით სულაც არ იყიდება და ეს უბრალოდ დიდი ზომის ჩანთებია. მომღერალმა განაცხადა, რომ ახალი კოლექციის ფასი ბევრი ადამიანისთვის გაცილებით ხელმისაწვდომია და მას სურდა, რომ მათთვის ტანსაცმლის შერჩევის პროცესიც გაემარტივებინა.
"ეს არც ხუმრობაა და არც თამაში. ეს ჩემი ცხოვრებაა და ვიბრძვი, რომ საუკეთესო დიზაინი ხალხამდე თავად მივიტანო", — დასძინა კანიე ვესტმა.
შეგახსენებთ, რომ კანიე ვესტი ხელმისაწვდომი სამოსის შესაქმნელად დემნა გვასალიასთან ერთად პროექტზე მუშაობაზეც დათანხმდა. კოლექციას სახელად Yeezy Gap Engineered by Balenciaga ჰქვია, რის შესახებაც კომენტარი დემნა გვასალიამ უკვე გააკეთა.
"ეს განსხვავებული გამოწვევაა. ყოველთვის ვაფასებდი Gap-ის უტილიტარიზმსა და ხელმისაწვდომობას. ეს პროექტი შესაძლებლობას მაძლევს, კანიესთან ერთად ყველასათვის ხელმისაწვდომი და პრაქტიკული მოდა შევქმნა", — ამბობს დემნა.