სერ ალექს ფერგიუსონის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ინგლისის ეროვნული გუნდისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა უეინ რუნიმ გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
რუნის ამჟამინდელი კლუბის მიტოვება გასულ წელსაც სურდა, მაგრამ მაშინ სერ ალექსის ავტორიტეტმა იმოქმედა და ფეხბურთელი „ოლდ ტრაფორდზე“ დარჩა.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა უკვე განაცხადა, რომ მომავალში რუნისთან თანამშრომლობას აპირებს. ორი დღის წინ ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ცნობა, რომ უეინმა გადაწყვეტილება შეცვალა და არსად წასვლას აღარ აპირებს.
ორიოდე საათის წინ გამოცემამ „The Sun” გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიდია ალბათობა რუნიმ კარიერა კატალონიურ "ბარსელონაში" გააგრძელოს.
ცნობილი გახდა, რომ „ბარსას“ ხელმძღვანელობამ მანჩესტერული გუნდის უფროსობას რუნის სანაცვლოდ 25 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესთავაზა. ესპანელებს ბრიტანელი შემტევი დავიდ ვილიას სანაცვლოდ უნდათ, რომელიც კატალონიურ გუნდს უახლოეს დღეებში დატოვებს.
ჯერჯერობით უცნობია ინგლისური გუნდის ხელმძღვანელობისა და თავად უეინ რუნის რეაქცია „ბარსელონას“ ამ შემოთავაზების შესახებ.