რამდენიმე თვის წინ ევროპულ სპორტულ მას-მედიაში აგორდა ცნობა, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში, ურუგვაის ეროვნული გუნდისა და კლუბი „ნაპოლის“ თავდამსხმელი ედინსონ კავანი კარიერას ახალ გუნდში გააგრძელებდა.
სამხრეთ ამერიკელის გადაბირება „ჩელსის“, „მანჩესტერ სიტის“, „პარი სენ ჟერმენს“, „რეალსა“ და „მონაკოს“ სურდათ. ამათგან ყველაზე აქტიური რომან აბრამოვიჩის გუნდი გახლდათ.
„ჩელსიმ“ იტალიელებს თავდაპირველად 30 მილიონი ევრო და ხურდაში ფერნანდო ტორესი შესთავაზა. უარის შემდეგ ნეაპოლელებს უკვე 50 მილიონ ევროს შეპირდნენ, მაგრამ კვლავ გაწბილებულები დარჩნენ.
გუშინ იტალიურ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ კავანის მომავალი გუნდის ვინაობა ბრაზილიაში მიმდინარე კონფედერაციათა თასის დასრულების შემდეგ გაირკვეოდა. ჟოზე მოურინიომ და ჩუკოტკის ყოფილმა გუბერნატორმა რამდენიმედღიან ლოდინს აქტიური მოქმედება არჩიეს.
რამდენიმე საათის წინ გამოცემამ „Football-Italia” გაავრცელა ცნობა რომ ედინსონ კავანი ლონდონის „ჩელსიში“ გადავიდა. ამ გუნდმა ურუგვაელის სანაცვლოდ 58 მილიონი ევრო გადაიხადა.
ცნობილი გახდა, რომ კონფედერაციათა თასის დასრულების შემდეგ კავანი ლონდონში ჩაფრინდება და ჟოზე მოურინიოს გუნდთან სამწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. ფეხბურთელი ედინსონი ანაზღაურების სახით წელიწადში 8,5 მილიონ ევროს მიიღებს.