ტეილორ სვიფტს თურმე

ტეილორ სვიფტს თურმე "ბინდში" მონაწილეობა სურდა, მაგრამ რეჟისორმა დაიწუნა

იცოდით, რომ ტეილორ სვიფტმა ლამის როლი მიიღო ბინდში? 

ამერიკელი პოპვარსკვლავი 2000-იან წლებში თურმე ბინდის საგის დიდი ფანი ყოფილა — ისევე, როგორც მთელი მსოფლიო. თუმცა, მსოფლიოსგან განსხვავებით, მას შანსი ჰქონდა, ფილმებში როლი შეესრულებინა.

სერიის მეორე ფილმის — ახალი მთვარის — რეჟისორმა, კრის უაიცმა, ცოტა ხნის წინ გაიხსენა, როგორ შეიძლებოდა სვიფტი ვამპირულ საგაში აღმოჩენილიყო. უაიცი თავის პოდკასტში სტუმრად მიიწვია ეშლი გრინმა, რომელმაც ბინდში ელის კალენი განასახიერა.

"ტეილორ სვიფტსა და მე მაშინ ერთი აგენტი გვყავდა, რომელმაც მითხრა, მას ფილმებში მონაწილეობა უნდა, ოღონდ შენ გამო კი არა, თვითონაც დიდი ფანიაო", — ჰყვება კრისი, — "კაფეტერიაში მყოფ ვიღაცას, მომხმარებელს ან ვისაც გინდა, იმას ითამაშებს, უბრალოდ, სურს ფილმში იყოსო".

როგორც რეჟისორი იხსენებს, იგი ამ შეთავაზებამ დააფიქრა, მაგრამ, საბოლოოდ, მასზე უარი თქვა — რასაც ახლა ძალიან ნანობს.

"ვფიქრობდი, ტეილორ სვიფტი რომ ეკრანზე ხუთი წუთით გამოჩნდება, ვერავინ ვერაფერს გაიაზრებს-მეთქი", — ამბობს კრისი და ამატებს, ყველაზე მეტად იმაზე სწყდება გული, მომღერალთან დამეგობრების შესაძლებლობა რომ ხელიდან გაუშვა.

თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად, რეჟისორი ფიქრობს, რომ სვიფტი მაშინდელი უარით გაანაწყენა.

"ალბათ ფიქრობდა, ვინ ჯანდაბაა, რომ უარს მეუბნებაო", — აღნიშნავს უაიცი, — "მაგრამ, ზოგჯერ ასეთ გადაწყვეტილებებსაც იღებ".

ტეილორის კამეო კი ფილმს ალბათ წაადგებოდა, მაგრამ ახალი მთვარე მაინც ძალიან წარმატებული გამოდგა; კინოსურათმა ჯამში $700 მილიონზე მეტი გამოიმუშავა.