თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტთან და გაეროს გენერალურ მდივანთან სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
„მაშინ, როდესაც ვაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას [კონფლიქტის] გადაწყვეტის მოსაძებნად, ჩვენი უკრაინელი მეგობრების მხარეზე ვრჩებით“, - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, თურქეთმა უკრაინიდან 325 000 ლტოლვილი მიიღო.
„საერთაშორისო თანამეგობრობამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს დიპლომატიური პროცესის გაცოცხლების მიზნით. ვინარჩუნებ რწმენას, რომ ომი საბოლოოდ დასრულდება მოლაპარაკებების მაგიდასთან. [...] ჩვენ უნდა განვსაზღვროთ უმოკლესი და სამართლიანი გზა მოლაპარაკების მაგიდამდე“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.
„ჩვენ შეშფოთება გამოვთქვით ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო განხორციელებული სამხედრო მოქმედებების გამო. არ გვინდა კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.