სატრანსპორტო ბუნტის შედეგი - მგზავრობა მთელ საქართველოში გაძვირდება

სატრანსპორტო ბუნტის შედეგი - მგზავრობა მთელ საქართველოში გაძვირდება

საქართველოს საავტომობილო სფეროში 2011 წელი დიდი არეულობით დაიწყო. მძღოლები გაძვირებას ითხოვენ, ხაზების მფლობელები არ ეთანხმებიან, მაგრამ თვალს ხუჭავენ. ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, მგზავრების ზურგზე გადაივლის. 
უახლოეს მომავალში ქვეყნის დასავლეთისა და აღმოსავლეთის მიმართულებით საქალაქთაშორისო სამარშრუტო რეისებით მგზავრობა დიდი ალბათობით გაძვირდება. ეს ინფორმაცია უკვე გააჩნია ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულთა პროფკავშირის თავმჯდომარეს ლავრენტი ალანიას.

“საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მგზავრობის საფასურის მოსალოდნელ მატებაზე სრულ პასუხისმგებლობას ტრანსპორტის ადმინისტრაციას აკისრებს და სფეროში არსებული ვითარების დარეგულირებას ითხოვს. ტრანსპორტის პროფკავშირებში მიიჩნევენ, რომ თუ ტრანსპორტის სფეროში ვითარება არ დარეგულირდა, ეს სფერო მძღოლებისთვის არარენტაბელური გახდება. მგზავრების დიდი ნაწილი ე.წ. “მტაცებლების” მგზავრი ხდება, რადგან ასეთი ტრანსპორტი დაურეგისტრირებელი, გადასახადების არგადამხდელი, სახიფათო, თუმცა - უფრო იაფია. გადასახადების გადამხდელ და მოწესრიგებულ მძღოლებს კი მგზავრების გარეშე უწევთ გადაადგილება”, - აცხადებენ ტანსპორტის პროფკავშირებში.

სხვათა შორის, საქართველოში ყველაზე დატვირთულ თბილისი-რუსთავის სამაშრუტო ხაზებზე ყოველდღიურად 700 რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება, რასაც ემატება დამატებით 100 ე.წ. “მტაცებელები”. გამოდის, რომ ამ ხაზზე მოძრავი ტრანსპორტის 15% არარეგისტრირებულია.
აღსანიშნავია, რომ სატრასპორტო არეულობა სწორედ თბილისი-რუსთავის რეისზე მოძრავი სამარშრუტო მძღოლებიდან მომდინარეობს. რამდენიმედღიანი გაუგებრობა ბოლოს და ბოლოს მგხავრობის გაძვირებით დასრულდა.

“საქართველოს სატრანსპორტო კომპანია” მგზავრობის გაძვირებას მძღოლების პირად გადაწყვეტილებას უკავშირებს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა ნუკრი უსუფაშვილმა განაცხადა, მძღოლებმა მგზავრობა თვითნებურად გააძვირეს.

“სიტუაციაში უნდა გავერკვე. ფაქტია, რომ რაღაც ხდება, მძღოლებმა მგზავრობა თვითნებურად გააძვირეს”, - განაცხადა უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ ოფიციალურ განცხადებას დეტალების გარკვევის შემდეგ გააკეთებს.

რუსთავსა და თბილისს შორის მოძრავი ყველა სამარშუტო ტაქსით მგზავრობა უკვე გაძვირდა. მგზავრებს 1 ლარის ნაცვლად, 1,5 ლარი გადახდა უწევთ. მგზავრობა გაძვირდა, როგორც რუსთავიდან თბილისში, სასტუმრო “აჭარის”, ასევე დიდუბისა და რკინიგზის სადგურის მიმართულებით მოძრავ სამარშუტო ტაქსებზე. გლდანიდან მოძრავი “მარშუტკებით” მგზავრობის საფასური კი სულაც 2 ლარი გახდა.

რუსთავი-თბილისის ხაზის სამარშრუტო ტაქსების მძღოლები მგზავრობის საფასურის გაძვირების მიზეზად საწვავის გაძვირებას ასახელებენ, თუმცა საქართველოში საცალო ქსელში საწვავი 2010 წლის ნოემბრის შემდეგ არ გაძვირებულა. მაგრამ როგორც ჩანს, ეს მდგომარეობა დიდხანს ვერ გასტანს.

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასი უკვე 95 დოლარს მიუახლოვდა, რაც ბოლო 2,5 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამერიკელი ანალიტიკოსები ელიან, რომ ბარელი ნავთობის ფასი პირველ კვარტალში 100 დოლარს გადასცდება. ეს პროცესი ავტომატურად გამოწვევს ადგილობრივ ქსელში ბენზინისა და დიზელის გაძვირებას.

ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ბოლო დროს ვრცელდება ჭორი, რომ ლიტრი ბენზინი შეიძლება 3 ლარამდე გაძვირდეს. მთვრალაშვილის თქმით, ფასმა, შესაძლოა, 5-10 თეთრით მოიმატოს, მაგრამ გამორიცხულია ლიტრი 3 ლარი გახდეს. მისივე თქმით, დიზელის მოსალოდნელი გაძვირების გათვალისწინებით, შეიძლება სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა უმნიშვნელოდ გაძვირდეს, მაგრამ ფასების საგრძნობი მომატების საფუძველი არ არსებობს.

კომპანია “ვისოლში” ასევე აცხადებენ, რომ თუ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირება გაგრძელდა, ფასების შეცვლა მათაც მოუწევთ. თუმცა, ამ ეტაპზე კომპანიაში ფასების მომატებას არ აპირებენ. სხვა ნავობკომპანიებში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.