დევნილთა “გადასახლებებს” ბოლო არ უჩანს

დევნილთა “გადასახლებებს” ბოლო არ უჩანს

[დავით კირვალიძე]
ბოლო 18 წელია ამ ქვეყნის მთავრობა დევნილებს მუდმივად სადღაც შეასახლებს და შემდეგ მალევე ისევ გამოასახლებს. ამ “გადასახლებებს” ბოლო არა და არ მოეღო. წლევანდელი ზაფხულიც ამ მხრივ საკმაოდ “აქტიურია”.

რუსთაველის გამზირზე მდებარე გამომცემლობა “სამშობლოს” ყოფილ შენობაში შესახლებულ დევნილებს შენობის დასატოვებლად 5-დღიანი ვადა მისცეს. როგორც თავად დევნილებმა განაცხადეს, მათთან დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ და შენობის 5 დღის ვადაში დაცლა მოსთხოვეს.

- “პოლიციაც მოვიდა. ხალხი პანიკაშია, არ ვიცით, სად უნდა წავიდეთ. გვითხრეს, რომ შენობა ჩინელებმა იყიდეს და 5 დღეში უნდა დავცალოთ. რაც შეეხება იმას, მოგვცემენ თუ არა ალტერნატიულ ფართებს, სამინისტროს წამრომადგენლები განმარტავენ, რომ ამაზე პასუხს 5 დღეში გვეტყვიან”, - აცხადებენ დევნილები.

გამომცემლობა “სამშობლო” გასაყიდად გამზადებულ შენობაში დევნილები ჯერ კიდევ 2008 წელს შეასახლეს. გამომცემლობის შენობით რამდენიმე წლის წინათ ინვესტორი დაინტერესდა, რომელსაც შენობა 20 მლნ დოლარად უნდა ეყიდა, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა. ამის მიუხედავად, სახელმწიფომ “სამშობლოს” თანამშრომლებს შენობა დააცლევინა და იქ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობა შეასახლა.

სხვათა შორის, მაშინდელ გამოსახლებასაც გვარიანი ვნებათაღელვა უძღოდა წინ.”სამშობლოს” შენობაში მომუშავე ორგანიზაციის თანამშრომლებს ღამ-ღამობით სპეციალური მორიგებოაც კი ჰქონდათ დაწესებული, რათა ხელისუფლებას ამით არ ესარგებლა. თუმცა, არც ამ მეთოდმა გაჭრა და ორგანიზაციები შენობიდან გამოასახლეს.

როგორ ჩანს, ახლა დევნილების ჯერი დადგა. მათ ვადა კვირის ბოლომდე აქვთ. კობა სუბელიანის უწყებაში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს კარგა ხანს არ აკეთებდნენ, მაგრამ ბოლოს მაინც მოუწიათ პასუხის გაცემა.

სუბელიანის უწყების მტკიცებით, “სამშობლოს” შენობაში მცხოვრები დევნილები ალტერნატიული ფართებითა და ფულადი კომპენსაციით არიან უზრუნველყოფილნი.

სხვათა შორის, ამ ზაფხულის პერიოდში დევნილთა გამოსახლების ეს პირველი შემთხვევა არ არის. ამა თუ იმ გასაყიდი ობიექტებიდან დევნილებს დიდი “წარმატებით” ასახლებენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ახტალის სანატორიუმში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები, კურორტის ადმინისტრაციის მოთხოვნის საფუძველზე, პოლიციამ წინა კვირას იძულებითი წესით გაასახლა.

მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ კურორტი გასაყიდად იყო გამზადებული და ერთი კვირის თავზე ეს ინფორმაციაც დადასტურდა.გურჯაანში მდებარე კურორტი “ახტალა”, რომელიც საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია, შესაძლოა, არაბებმა შეიძინონ. არაბი ინვესტორების ვიზიტი გურჯაანში უახლოეს დღეებში იგეგმება.

კურორტ “ახტალის” დირექტორი გოგა უტიაშვილიც კურორტის გასხვისებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, ინვესტიციის განხორციელება აუცილებელიც კი არის. კურორტი “ახტალა” ამ დრომდე სახელმწიფო საკუთრებაშია.