სოციალურ ქსელ "ფეისბუქიში" "2 ივნისი"-ს სახელით დარეგისტრირებული გვერდი მუსიკალურ ფესტივალ "ოაზისზე" ათეულობით ადამიანის დაკავების შესახებ იტყობინება. გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელსაც ოცი ადამიანი აწერს ხელს.
"22-23 ივნისს მცხეთაში ჩატარებულ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე "ოაზისი", რომელშიც ქართველი, უკრაინელი, რუსი, დანიელი, გერმანელი მუსიკოსები, მათ შორის მსოფლიო დონის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მხრიდან კონცერტზე დამსწრე მოქალაქეების და ფესტივალის მონაწილე მუსიკოსების მიმართ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების მასობრივად დარღვევის ფაქტებს.
ფესტივალის ჩასატარებლად გამოყოფილ ტერიტორიაზე, სცენის წინ და კემპინგის ზონაში მოძრაობდნენ ფორმიანი და უფორმო, შავ ტანსაცმელში ჩაცმული პოლიციელთა ჯგუფები, რომლებიც აკავებდნენ მოქალაქეებს, ჩხრეკდნენ მათ და ნარკოლოგიურ დაწესებულებაში გადაჰყავდათ. აღნიშნული ქმედებების დროს დაფიქსირდა პოლიციის მიერ ძალის გამოყენების ფაქტებიც. ორი დღის განმავლობაში დაუზუსტებელი ინფორმაციით, ფესტივალის ტერიტორიიდან წაყვანილი იქნა 60-მდე მოქალაქე.
პოლიციელთა ქმედება იმდენად გასცდა ცივილიზებული ქცევის ფარგლებს, რომ ფესტივალის ჰედლაინერმა, ცნობილი რუსული ჯგუფის Мумий Троль-ის ვოკალისტმა, ილია ლაგუტენკომ, საკუთარი გამოსვლის დროს, სცენიდან განაცხადა, რომ კონცერტის დროს დაპატიმრებული იქნა 60 ადამიანი.
ჩვენ ვთვლით, რომ პოლიციის მხრიდან მსგავსი ქმედებები ზიანს აყენებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმიჯს და სერიოზულ დარტყმას აყენებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას. პოლიციის ფუნქცია უნდა იყოს ადამიანების უსაფრთხოების დაცვა და არა საკუთარი მოქალაქეების და ჩამოსული სტუმრების დევნა.
ჩვენ ვგმობთ შსს-ს მიერ 22-23 ივნისს მცხეთაში, ფესტივალ "ოაზისზე" განხორციელებულ ძალადობას და მოვუწოდებთ ხელისუფლებას თავი შეიკავოს ცივილიზებული სახელმწიფოსთვის მიუღებელი ქმედებებისგან", - აღნიშნულია განცხადებაში და იქვე მითითებულია ხელმომწერთა სახელები და გვარები:
1. ირაკლი საღინაძე
2. ვახტანგ მოსიაშვილი
3. დავით სუბელიანი
4. ლექსო მაჭავარიანი
5. მაგდა გურული
6. ქეთა გაბუნია
7. სალომე ბარკერი
8. გია ცინაძე
9. გიორგი ლიფონავა
10. დავით კოვზირიძე
11. ირაკლი მაღრაძე
12. სანდრო ლომინაშვილი
13. ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი
14. დავით გაბუნია
15. ანა სიხარულიძე
16. ბესიკ რაზმაძე
17. გიორგი ნაკაიძე
18. ვახო ქავთარაძე
19. მამუკა ჯაფარიძე
20. საბა ლეკვეიშვილი