ამერიკული „ომის კვლევის ინსტიტუტის“ (ISW) ინფორმაციით, უკრაინაში ვლადიმერ პუტინის გეგმა უცვლელია - კიევში რეჟიმის შეცვლა და ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილზე კონტროლის დამყარება.
მათივე ინფორმაციით, კრემლი აგრძელებს უკრაინაში საკუთარი მიზნების დამახინჯების მცდელობებს.
„რუსეთის სტრატეგიული ამოცანები უცვლელია: კიევში რეჟიმის შეცვლა და უკრაინის ტერიტორიის დიდ ნაწილზე კონტროლის დამყარება. 15 აგვისტოს ფორუმ „არმია 2022“-ზე საუბრისას პუტინს „გამორჩა“ დონბასს მიღმა არსებული ტერიტორიის ხსენება, როდესაც ის რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნებზე საუბრობდა. მან განაცხადა, რომ რუსული ჯარი „ასრულებს საკუთარ მოვალეობებს, იბრძვის დონბასის გათავისუფლებისთვის“. ეს მკვეთრად განსხვავდება რუსეთის მიერ წინა თვეებში ხსენებული „დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის“ ამოცანებისგან. გარდა ამისა, საპირისპიროზე მეტყველებს ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებულ ნაწილში ე.წ. რეფერენდუმების ჩატარების მცდელობები“, - აცხადებენ ISW-ის ექსპერტები.