ჩვენ ვაპროტესტებთ ცალმხრივ სიყვარულს!

ჩვენ ვაპროტესტებთ ცალმხრივ სიყვარულს!

დღეს მოდაშია პროტესტი:

ვიღაც შელახულ შრომის უფლებას აპროტესტებს; ვიღაც - უმცირესობის ჩაგვრას; ვიღაც - უსამართლობას, ან ეროვნული იდენტობის შელახვას... დედაქალაქის მერის პერიფრაზირებით, შეგვიძლია ვთქვათ - გასაპროტესტებელი ჯერ კიდევ ბევრია!

13 ივნისის მინი-მანიფესტაცია ძველი პარლამენტის კიბეებზე, ალბათ, „ისტორიული“ გახდება თბილისის აქციების ქრონიკებში: ნორჩმა მუსიკოსებმა პროტესტის ნიშნად კამერული მუსიკის დიდებული კონცერტი მოაწყვეს; მათ ნავსი გატეხეს - ხელჩართული დაპირისპირებებით, ძალადობითა და სიძულვილის ენით დაღდასმულ რუსთაველზე, უკმაყოფილება მშვიდობიანი, კულტურული და სახალისო ფორმით გამოხატეს! ვერაფერს იტყვი, სახელოვნებო დაწესებულება მაინც სულ სხვაა! შემოქმედებითი მიდგომა აქვს, რაც ჩვენს საზოგადოებას აშკარად აკლია.

სამწუხაროა - ახალგაზრდა მუსიკოსების წარმოდგენა რადიოფიცირებული არ ყოფილა, თორემ გაცილებით მეტი მხარდამჭერი და გამვლელი დაიტკბობდა სმენას „ნიჭიერთა ათწლედის“ კამერული ორკესტრის შესრულებული კლასიკით, თუ სვინგით. 13 ივნისის პერფორმანსმა კიდევ ერთხელ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ ქართული კულტურის პაწაწინა კუნძულებზე ჯერ კიდევ შერჩა პროფესიონალიზმი და მაღალი სტანდარტი.

ორკესტრს სულხან ცინცაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური კვარტეტის მევიოლინე თამაზ ბათიაშვილი დირიჟორობდა. მუსიკოსების ნაწილი, რომელიც ორკესტრში არ იდგა, პლაკატებით ცდილობდა საზოგადოების ყურადღების მიპყრობას: „მოგვეცით სწავლის ნორმალური პირობები“, „ჩვენ ქართული მუსიკის მომავალი ვართ“, „ნუ დაუთმობთ ჩვენს შენობას საქმოსნებს“ (ეს პლაკატი, ალბათ, აქციის მხარდამჭერის, ირაკლი კაკაბაძის გავლენით შეიქმნა)

აქცია იყო ე.წ. Publicity Stunt - მედიისთვის დადგმული სარეკლამო ტრიუკი, გონივრულად და ნიჭიერად მოფიქრებული, რომელსაც წინ უძღოდა სოციალურ ქსელში გავრცელებული ანონსი: „ნიჭიერთა ათწლედის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი. ვისაც გსურთ, რომ „ათწლედმა“ არსებობა გააგრძელოს, გხოვთ, თქვენი მობრძანებით მხარი დაგვიჭიროთ!“

პარადოქსია - წლების მანძილზე, როცა #1 ცენტრალური სამუსიკო სკოლა, იგივე ზ. ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედი მართლაც სულ ღაფავდა, მუსიკოსთაგან მსგავსი განცხადება არავის გაუკეთებია. მართალია, ბევრი სხვა სახელოვნებო სკოლისგან განსხვავებით, ათწლედი დახურვას გადაურჩა, მაგრამ სამუშაო პირობები ნელ-ნელა უარესდებოდა.

რა არის „ათლწედი“? როგორც ზემოთ აღვნიშნეთ - მუსიკალური სპეცსკოლა, რომელიც 1934 წელს, მოსკოვის გნესინების სახელობის სასწავლებლის თბილისურ ანალოგად ჩამოყალიბდა. (ნუ იფიქრებს მკითხველი, რომ გნესინების სახელობის სასწავლებელი რუსი ბოლშევიკების ნოვაციაა. პიანისტმა დებმა სკოლა მეფის რუსეთის დროს დაარსეს).

სამაგიეროდ, სააკაშვილის მთავრობის მიდგომა აღმოჩნდა ბოლშევიკური - ნაციონალების რეფორმის შედეგად, სკოლას ზოგად-საგანმანათლებლო სექტორი ჩამოეჭრა, გაუქმდა ინტერნატი, სადაც პროვინციიდან ჩამოსულ ნიჭიერ ბავშვებს უფასოდ ცხოვრება შეეძლოთ. სკოლას დაატოვებინეს ძველი შენობა და დროებით, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ყოფილ სპორტსკოლაში გადაიყვანეს. ათწლედის შენობის დაცლა, რატომაც ძალიან სწრაფად, ბლიცკრიგის მეთოდით მოხდა, თანაც - თავსხმა წვიმაში, რის გამო უამრავი ინსტრუმენტი დაზიანდა. ცარიელი შენობა მყისიერად ლტოლვილებმა დაიკავეს. ხელისუფლებამ მოგვიანებით ისინიც გამოასახლა და ტერიტორია სამშენებლო კომპანიას მიყიდა.

2012 წელს კულტურის მინისტრმა, ნიკოლოზ რურუამ წყალობა მოიღო სკოლაზე - მას უზუფრუქტით გადაეცა უშანგი ჩხეიძის #8 ში მდებარე შენობა - გაცილებით დიდი და მკვიდრი, ვიდრე სკოლას ოდესმე ქონია, ხოლო დაფინანსება 2013 წლის ბიუჯეტის პროექტში 960 ათასი ლარიდან 1 460 ათას ლარამდე გაიზარდა.

მთავრობის ცვლილების შემდეგ, მუსიკალური ათწლედი ერთადერთი სკოლა აღმოჩნდა, რომელსაც გაზრდილი ბიუჯეტი დაუმტკიცდა. ფიქსირებული ხელფასები პედაგოგებს 300-400 ლარით გაეზარდათ, რაც საქართველოს არცერთ სკოლასა და სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში არ მომხდარა. ამას გარდა, მსოფლიოს სხვადასხვა საერთშორისო კონკურსებსა და სემინარებში მონაწილეობისთვის, სკოლის 11 მოწაფეს თანხებიც გადაურიცხეს.

ისმება ლოგიკური კითხვა - რაღას აპროტესტებდნენ მოწაფეები სკოლის დირექციასა და პედაგოგებთან ერთად?

როგორც გაირკვა - ცალმხრივ სიყვარულს!

სკოლის აწ უკვე ყოფილი დირექტორის, თამარ შენგელიას თქმით, სამინისტრომ „ათწლედს“ დემონსტრატიულად აქცია ზურგი: „მათ არ აინტერესებთ, რა ხდება სკოლში! ფული მოგვცეს და ხელები დაიბანეს! გურამ ოდიშარია მხოლოდ ერთხელ შემხვდა და ისიც, თხუთმეტი წუთით; ფინანსების დარგში მისი მოადგილე, ალეკო მარგიშვილი შეხვედრას დამითქვამდა და მერე სამინისტროს ლიფტთან მხვდებოდა სიტყვებით: „გავრბივარ“, „უცებ საქმე გამომიჩნდა“; ოდიშარიას მოადგილე, კომპოზიტორი ბადრი გრუზინსკი, როცა სკოლის თაობაზე ვესაუბრე, ჯერ კიდევ არ იყო დანიშნული... არადა, სკოლას უამრავი პრობლემა აქვს: ახალი შენობიდან ლტოლვილებია გამოსაყვანი, გასაკეთებელია რემონტი... ასეთ ვითარებაში, რა დროს გაბუტვა იყო?“ - აცხადებდა შენგელია.

ასე, რომ, აქცია სახელწოდებით „გადავარჩინოთ ათწლედი“ დირექტორის გამოსამშვიდობებელი კონცერტი იყო; ადრესატი - კულტურის სამინისტრო გახლდათ.

ამ აქციას სკოლის დირექტორსა და სამინისტროს შორის საჯარო ეპისტოლეების გაცვლის ეპოპეა უძღოდა წინ.

თამარ შენგელიას საეტაპო მიმართვა 14 დეკემბერს გამოქვენდა სათაურით „ღია წერილი გურამ ოდიშარიას“. (უნდა ითქვას, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ოდიშარიას მუდმივად უწევს სხვადასხვა ღია წერილებსა და საპროტესტო აქციებზე გამოხმაურება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მთელი საქართველო კულტურის სამინისტროს ედავება, ან თხოვნით მიმართავს - კულტურა აშკარად რთული სფეროა ჩვენში).

წერილში სკოლის დირექტორმა ეჭვქვეშ დააყენა მინისტრის კომპეტენცია, ხელოვნების ამა თუ იმ დარგის მნიშვნელობის შეფასების უნარი. კიდევ ერთხელ გაუზვა ხაზი მუსიკალური ათწლედის, როგორც ქართული კულტრის საგანძურის მნიშვნლეობას, ისაუბრა ყველა იმ სიახლეზე, რომელიც მისი დირექტორობისას დაინერგა და, რა თქმა უნდა, მოკლე პერიოდის მიღწევებზე: 2012-13 სასწავლო წელს - საერთაშორისო კონკურსების 22 ლაურეატი; 18 საჩვენებელი კონცერტი, აქედან ხუთი - სიმფონიურ ორკესტრთან ერთად; საერთაშორისო ფესტივალი Travelling Notes, რომელმაც ათწლედის ორკესტრანტები მათ უცხოელი კოლეგებთან გააერთიანა და საერთაშორისო სტუდენტური ორკესტრის სამი კონცერტით დაგვირგვინდა; ამას გარდა, სტიპენდიების დანიშვნა სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან გამოსული მოწაფეებისთვის; პედაგოგებისთვის სტიმულის მიცემა ჯამაგირის მომატებით, სკოლის მიმართ საზოგადოების ინტერსის გაზრდა და ა.შ.

თამარ შენგელიას თქმით, მინისტრის მოადგილეს, ალეკო მარგიშვილს, სკოლისთვის დაფინანსების გაზრდა არარეალურად ჩაუთვლია, რაც ღია წერილის დაწერის უმთავრესი მიზეზი გამხდარა. ამასთან ერთად, For.ge-სთან საუბარში, შენგელიამ აღნიშნა, რომ მინისტრი არ იყო მომზადებული სკოლაზე სასაუბროდ - „მან ათწლედის შესახებ არაფერი იცოდა. დადგენილ თხუთმეტ წუთში ვერ ჩავეტიე. შტირლიცივით სერიებად ხომ ვერ მოვუყვებდი ბატონ გურამს ჩვენს ისტორიას? გაითვალისწინეთ, მასთან შეხვედრა სულაც არ არის ადვილი - კვირაობით უნდა ელოდო. ჩემი დრო კი ძვირფასია. მსურდა ის სამუშაოს მოხმარებოდა და არა ლოდინსა და უწყებასთან უსასრულო მიმოწერას“.

კულტურის სამინისტროს ოფიციალურ პასუხში შენგელიას წერილი „საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და სამინისტროს ხელმძღვანელობის დისკრედიტაციად“ შეაფასდა. „ინფორმაცია დაწესებულების ბიუჯეტის შემცირების შესახებ მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს, სამუსიკო სასწავლებლის ხელმძღვანელობას, 2013 წელს გონივრული მართვის პირობებში, საკმარისი ფინანსური რესურსი ექნება დასახული მიზნების განსახორციელებლად“.

მინისტრის მოადგილის, ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკის თქმით, შენგელიას უკმაყოფილების მიზეზი ნამდვილად არ უნდა ქონოდა: „სკოლის დირექტორს წარვუდგინეთ დოკუმენტები, რომლებიც დაფინანსების გაზრდას ადასტურებდა. მიუხედავად ამისა, ამ ამბიდან ორ კვირაში ღია წერილი გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, სურვილი ჰქონდა, საზოგადოებისთის ეჩვენებინა, რომ დაფინანსება ბრძოლით მოიპოვა. ამას გარდა, ინტერვიუებში თამარ შენგელია აღნიშნავს, რომ მე არცერთხელ არ მივსულვარ სკოლაში. მინდა გითხრათ - რაც თანამდებობაზე დავინიშნე, ძირითადად რეგიონებში მიწევს სიარული; არათუ ათწლედში, არც კონსერვატორიის სემინარიაში, არც - მიქელაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში, ჯერჯერობით არ ვყოფილვარ“.

საბჭოური ინერციით, უკლებლივ ყველა სკოლის დირექტორს მმართველი პარტია ნიშნავს. ვარდების რევოლუციის შემდეგ, მუსიკალური სკოლის დირექტორობის სურვილი, როგორც ამბობენ, თამარ ჩარკვიანსა და ეკა მამალაძეს ჰქონდათ - ორივეს „ათწლედი“ აქვს დამთავრებული. ჩარკვიანის ქალიშვილი ირმა გიგანი თავის დროზე ამავე სკოლის ვუნდერკინდი, ამჟამად კი გამორჩეული ახალგაზრდა პიანისტია.

თამარ ჩარკვიანის გზნება ამაო გამოდგა - ის უარყვეს, როგორც ვარდების რევოლუციის მოწინააღდეგე და კონიუნქტურული საბჭოთა პოეტის, ჯანსუღ ჩარკვიანის შვილი. ეკა მამალაძეს კი, საბოლოოო ჯამში, პეტრე მამრაძის და, ნინო მამრაძე ამჯობინეს, რომელსაც სკოლაში ლამის პარტიის შტაბ-ბინა ჰქონდა მოწყობილი. ფაქტია, ქალბატონ ნინოს ნაციონალური მოძრაობის მიმართ თავდადებამ ვერ უშველა - მას შემდეგ, რაც პეტრე მამრაძე ოპოზიციონერი გახდა, პარტიამ ის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

2011 წლის ზაფხულში, მოსკოვიდან მოიწვიეს თამარ შენგელია - პიანისტი, ათწლედის ყოფილი მოწაფე, ჟურნალისტ მატვეი განაპოლსკის მეუღლე.

შენგელია ნიკოლოზ რურუასა და, ზოგადად, მთელი პოლიტისტებლიშმენტის მხარდაჭერით სარგებლობდა. აქედან გამომდინარე, სკოლის რეორგანიზაციაში კარტბლანში მისცეს. „დირექტორობას დავთანხმდი იმ პირობით, თუ კულტურის სამინისტრო ჩემს მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა - ამბობს შენგელია - ეს პირობები იყო ათწლედისთვის საშუალო სკოლისა და ინტერნატის აღდგენა, ახალი შენობის გამოყოფა და მასწავლებელბის ხელფასის გაზრდა. შენობაც მომცეს და დაფინანსებაც გამიზარდეს. რადგან რურუას მადლობელი ვარ, იმას ნიშნავს, რომ ნაციონალი ვარ?“ - კითხულობს თამარ შენგელია.

ახალი დირექტორის იდეებმა და ნოვაციებმა წლების განმავლობაში ჩამკვდარი კოლექტივი მართლაც გამოაცოცხლა. ამა ქვეყნის ძლიერებთან ახლო მეგობრობა და განაპოლსკის აღფრთოვანება სააკაშვილის ხელისუფლებით საკმარისი ფაქტორები აღმოჩნდა საიმისოდ, რომ თამარ შენგელიასთვის ხელი არ შეეშალათ.

სხვა სკოლებისგან განსხვავებით, ათწლედის ბავშვებსა და პედაგოგებს არ აიძულებდნენ წინასაარჩევნო მარშებზე გამოსულიყვნენ და ნაციონალების მხარდამჭერ აქციებში მიეღოთ მონაწილეობა. დირექტორის მოთხოვნით, სკოლაში პარტიული მუშაობაც შეაჩერეს. უნდა ითქვას, პოლიტიკური კლასისადმი გულგრილობა ათწლედის ტრადიციაა, რომელიც სკოლას ღრმა საბჭოთა პერიოდიდან მოსდევს - ეს წესი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მხოლოდ ნინო მამრაძემ დაარღვია.

ათწლედის მოწაფეები პრეზიდენტმა პიარ-აქციებისთვის შარშან სამჯერ გამოიყენა: ერთხელ საკუთარ კაბინეტში დაკვრევინა, შემდეგ - ენგურის ხიდზე, ათწლედის ყოფილი მოწაფის, ხატია ბუნიათიშვილის კონცერტზე და 26 მაისს, ქუთაისის სადღესასწაულო ღონისძიებაზე - პრეზიდენტი და ბავშვები მეტისმეტად კმაყოფილები იყვნენ.

ქართული რეალობიდან გამომდინარე, სამინისტროსა და სკოლის დირექტორის დაპირისპირებამ პოლიტიკური შეფასება მიიღო: უმრავლესობის მხარდამჭერებმა შენგელიას წერილი ნიკოლოზ რურუას მოწყობილ პროვოკაციად ჩათვალეს; უმცირესობის მომხრეებისთთვის კი სამინისტროს პოზიცია აღმოჩნდა მიკერძოებული და უსამართლო. რიტორიკა ასეთია: „ნაციონალების კადრებს დევნიან და აიძულებენ თანამდებობები დატოვონ“.

რა თქმა უნდა, საქართველოში კულტურაც ისევეა შეზრდილი პოლიტიკასთან, როგორც ნებისმიერი სხვა დარგი. პოლიტიკური კლასის მხარდაჭრის გარეშე ვერ იფუნქციონირებს საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ვერცერთი სახელოვნებო ინსტიტუცია - ვერც თეატრი, ვერც ესა, თუ ის სკოლა, ინსტიტუტი, თუ ორკესტრი.

ძნელია იმის წარმოდგენა, როგორ უნდა ითანამშრომლოს სახელოვნებო სკოლის დირექტორმა კულტურის სამინისტროსთან, როცა საჯაროდ აცხადებს, რომ მინისტრი არაკომპეტენტური და თანამდებობისთვის შუფერებელია.

ჩემს კითხვაზე, რატომ არ დატოვა პროტესტის ნიშნად თანამდებობა ღია წერილის გამოქვეყნებისთანავე, შენგელია პასუხობს: „არც დავღლილვარ, არც  სკოლის ხელმძღვანელობა მომბეზრებია - მოსკოვიდან სწორედ ამისთვის ჩემოვედი. მიყვარს ეს სკოლა, მაქვს უამრავი იდეა, რომელიც მინდოდა განმეხორციელებინა, მაგრამ სამინისტრომ იგნონირება გამიკეთა“.

შესაძლოა, შენგელიამ იცოდა, რომ მისი შეცვლა ათწლედის დირექტორის თანამდებობაზე, გარდაუვალი იყო და „კონცერტებით“ წასვლა ამჯობინა.

სამინისტრომ მისი განცხადება დააკმაყოფლა. ნომერ პირველ ცენტრალურ სამუსიკიო სკოლას, იგივე ნიჭიერთა ათწლედს ახალი დირექტორი ყავს - სახელმწიფო სიმფონიური კვარტეტის წევრი, ალტისტი ნოდარ ჟვანია.