“ოსტატი და მარგარიტას“ ჰოლივუდშიც გადაიღებენ

“ოსტატი და მარგარიტას“ ჰოლივუდშიც გადაიღებენ

გასული საუკუნის უდიდესი რუსი მწერლის – მიხეილ ბულგაკოვის ეპოქალური ნაწარმოების – “ოსტატი და მარგარიტას“ მიხედვით, რუსეთში მხატვრული ფილმი სამჯერ გადაიღეს. (მათ შორის ათსერიანი სერიალიც კი) თუმცა, დასავლურ კინო–კრიტიკოსებისათვის რუსულ კინო–მცდელობებს დიდი აღიარება არ მოუპოვებია. არადა, აღნიშნული რომანი სამართლიანად ითვლება რუსულ ენაზე შექმნილ ერთ–ერთ საუკეთესო წიგნად და ალბათ სწორედ ამიტომ, დადგა დრო, რომ “ოსტატი და მარგარიტას“ გადაღებას, ხელი ჰოლივუდშიც მოჰკიდონ.

 

ამერიკელებს რომანის საავტორო უფლებების მოპოვება ნამდვილად არ გასჭირვებიათ. ამერიკაში გამოჩნდა მიხეილ ბულგაკოვის შორეული ნათესავი,  – სერგეი შილოვსკი, რომელსაც ბულგაკოვის რომანების ეკრანიზაციის ნების გაცემაზე, გააჩნდა საავტორო უფლებები და როგორც ამ უკანასკნელმა განაცხადა, იგი ბედნიერია, რომ ამერიკელებმა “ოსტატი და მარგარიტას“ გადაღება მოინდომეს და დაუფიქრებლად აძლევს მათ ფილმის გადაღების უფლებას.

 

ფილმზე მუშაობა სულ მალე დაიწყება და 2012 წლისთვის, უკვე გამოჩნდება ეკრანებზე. უკვე გადაწყვეტილია, რომ ფილმის ერთ–ერთ მთავარ – მარგარიტას როლს, ცნობილი მსახიობი – კეტრინ ზეტა ჯონსი შეასრულებს. ვოლანდის როლში კი, კინომოყვარულებს გენიალური ალ პაჩინო მოევლინება. ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, თუ ვინ ითამაშებს ოსტატის როლს, და ამ უმნიშვნელოვანეს როლზე სინჯები ჯერ ისევ მიმდინარეობს.

 

კინოკრიტიკოსთა აზრით, ჰოლივუდური “ოსტატი და მარგარიტა“ ძალიან მალე მოიპოვებს აღიარებას და არსებობს იმედი, რომ ეს ფილმი ბოლო წლების ერთ–ერთი საუკეთესო ნამუშევარი გახდება. ამის იმედს კი, ცნობილი მსახიობების ოსტატობასთან ერთად, უპირველესად რა თქმა უნდა, გენიალური ბულგაკოვის რომანის შინაარსი და ორიგინალურობა იძლევა.