ამხანაგობების თავმჯდომარეები ანტალიაში გასამგზავრებლად ემზადებიან

ამხანაგობების თავმჯდომარეები ანტალიაში გასამგზავრებლად ემზადებიან

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საბურთალოს რაიონის გამგეობა ამხანაგობების თავმჯდომარეებისთვის ტრენინგის ჩატარებას ანტალიაში აპირებს. 300-კაციანი სემინარის შესახებ ამხანაგობების თავმჯდომარეები უკვე ინფორმირებულნი არიან. გავრცელებული ინფორმაციით, გამგეობა მხოლოდ იმ ამხანაგობების თავმჯდომარეების წაყვანას აპირებს, რომლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურ მხარდამჭერებად მოიაზრებიან.

ამასთან დაკავშირებით საბურთალოს რაიონის გამგეობაში ტენდერი უკვე გამოცხადდა. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო განცხადების მიხედვით, საბურთალოს რაიონის გამგეობა ამხანაგობების თავმჯდომარეებისათვის სემინარ-ტრენინგის ჩასატარებლად 180 000 ლარის დახარჯვას გეგმავს.

სემინარის ჩატარების დრო სამ სრულ დღესა და ღამეს უნდა მოიცავდეს და 2013 წლის 28 ივნისიდან 10 ივლისამდე უნდა გაიმართოს.

სატენდერო წინადადების მიხედვით, ტრენინგი სასტუმროში უნდა ჩატარდეს, რისთვისაც სასტუმროს უნდა გააჩნდეს ტრენინგ-სემინარისთვის გამიზნული არანაკლებ 200-კაციანი საკონფერენციო დარბაზი. ასევე, უზრუნველყოფილ უნდა იყოს სამჯერადი კვება, 2 ე.წ. Coffee Break და სხვა. მიმწოდებელმა მომსახურების გაწევის ვადებში უნდა უზრუნველყოს დელეგაციის სრული სატრანსპორტო მომსახურება და საჭირო სამგზავრო სრული დოკუმენტაციით უზრუნველყოფა.

მართალია, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სატენდერო განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, სად უნდა გაიმართოს სემინარი, მაგრამ აღნიშნულია, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ტრენინგ-სემინარის თბილისის ცენტრიდან 300 კმ-ზე მეტ მანძილზე ორგანიზების შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დელეგაციის საჰაერო ტრანსპორტირება.

ამ ინფორმაციის გადამოწმებისას საბურთალოს რაიონის გამგებელი გია ხუროშვილი არ აკონკრეტებდა, თუ სად გაიმართებოდა სემინარი, თუმცა მისი ჩატარების ადგილად თავდაპირველად არ გამორიცხავდა ანტალიასაც. მისი განმარტებით, ტენდერი უკვე გამოცხადებულია და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დააკმაყოფილებს სატენდერო პირობებს - ჩაქვის ოაზისი თუ ბაზალეთის კომპლექსი, ან სხვა დასასვენებელი კომპლექსი.

იმ მოსაზრების გასამყარებლად, რომ ამ ტიპის სემინარი თბილისში არ უნდა გაიმართოს, გია ხუროშვილი კონცენტრაციის ნაკლებობას ასახელებდა. კერძოდ, მისი თქმით, როცა სემინარი თბილისში იმართება, ადამიანები მას ზერელედ ეკიდებიან და მცირე ხანგრძლივობით ესწრებიან. დედაქალაქიდან მოშორებით გამართულ სემინარზე კი ბევრად კონცენტრურებულნი არიან.    

ჩვენ დავინტერესდით, რამდენად გამართლებულია ბიუჯეტიდან 180 000 ლარის გამოყოფა სემინარისთვის ანტალიაში ან სხვა ადგილას. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ ნაციონალები არჩევნებისთვის სერიოზულად ემზადებიან, ხომ არ არის ეს საკუთარი ამხანაგობების თავმჯდომარეების მორიგი მობილიზება წინასაარჩევნოდ, მით უფრო, ყველას გვახსოვს ამხანაგობის თავმჯომარეების როლი გასულ არჩევნებში.

გია ხუროშვილმა ამჯერად ჩვენთან საუბარში უარყო ის ფაქტი, თითქოს, ამხანაგობის თავმჯდომარეები სემინარისთვის ანტალიაში უნდა გამგზავრებულიყვნენ. არც ის დაადასტურა, რომ მათ მიერ შერჩეული ამხანაგობის თავმჯდომარეები მაინცდამაინც ნაციონალებოს მომხრეები უნდა ყოფილიყვნენ.

მისი თქმით, შერჩევით წაყვანა აქ არაფერ შუაშია და ისინი ამხანაგობის 814 თავმჯდომარეს დაუკავშირდნენ და მათგან, ვინც სემინარზე წასვლის სურვილი გამოთქვა, ყველას წაიყვანენ. 

„ტენდერის პირობებში წერია, რომ თბილისიდან მინიმუმ, 70 კილომეტრის დაშორებით უნდა ჩატარდეს სემინარი. 70 კილომეტრი თუ არის მაინცდამაინც ანტალია, ამ ინფორმაციის გამავრცელებელი ძალიან დიდი დეზინფორმატორია,“  - აღნიშნა ხუროშვილმა და არ დააკონკრეტა, რას ნიშნავს, საჭიროების შემთხვევაში, ტრენინგ-სემინარის თბილისის ცენტრიდან 300 კმ-ზე მეტ მანძილზე ორგანიზება. 

ჩვენ დავინტერესდით, რა საჭიროა ამხანაგობის თავმჯდომარეების ტრენინგი, როცა პრობლემები ქვეყანაში ისედაც ნათელია. ამაზე გია ხუროშვილმა განაცხადა, რომ ტრენინგი საჭიროა იმისთვის, რომ საბურთალოს რაიონში აღიწეროს ყველა არსებული პრობლემა, რათა ფინანსური რესურსები მოსალეობის საჭიროებებს მოერგოს.

გია ხუროშვილის თქმით, დღეს ადამიანებს აქვთ ორი არჩევანი -ან გადაიმალონ და არ გააკეთონ არაფერი, ან, თუ დაიწყებენ რაიმე საქმის კეთებას, მაშინვე ხდებიან თავდასხმის და ინტრიგების ობიექტი. ამდენად, მისი განმარტებით, როდესაც სიცრუის და სიძულვილის ნიაღვარი მასაც გადასწვდა, მან გადაწყვიტა, საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის გზით გამკლავებოდა ბოროტ ადამიანებს.

„თბილისიდან 70 კილომეტრის დაშორება ნიშნავს, რომ ნებისმიერი სასტუმრო, მაგალითად, ბაზალეთის, კაჭრეთის, გუდაურის, ბორჯომის სასტუმროები თუ გამოხატავენ ამ ადამიანების მიღებისა და ტრენინგის ჩატარების მზაობას, კარგი იქნება. თუ არ მოხდება სასწაული, რომ ბორჯომში ან ბაზალეთში ტრენინგის ჩატარება თავისი ტრანსპორტირებით დაჯდება იმაზე ძვირი, ვიდრე სასტუმროა ანტალიაში, ეს ხომ ნონსენსია. ასეთ ნონსენსებს ჩვენ შეჩვეულნი ვართ. საჯაროდ მოვუწოდებ იმ ადამიანებს, ვისაც ამის საშუალება აქვს, მიიღეთ ტენდერში მონაწილეობა, რათა შედგეს ეს სემინარი“, - აღნიშნა გია ხუროშვილმა.

რაც შეეხება ამხანაგობის თავმჯდომარეების სოლიდურ რაოდენობას, გია ხუროშვილი განმარტავს, რომ იგი ვერ მოახდენდა ამ ადამიანების კლასიფიცირებას და ვერ ეტყოდა, შენ წამოდი სემინარზე და შენ - არა. მისი თქმით, ზოგიერთები მიჩვეულნი არიან ამ პრინციპით მუშაობას, რომ ადამიანები შეარჩიონ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების თუ კლანური მმართველობის მიხედვით. ამიტომ, მან ამხანაგობის ყველა თავმჯდომარეს დაურიგა წერილები და ვისგანაც მიიღო თანხმობა, სწორედ ის ადამიანები მოხვდნენ სემინარზე წამსვლელთა სიაში.

„მე არ გამიცია არცერთი წახალისება. გაურკვეველი კრიტერიუმით წახალისებას, როცა არავინ იცის, რატომ ანიჭებ უპირატესობას ამხანაგობის ცალკეულ თავმჯდომარეს, მე ვამჯობინე, ეს ფული დახარჯულიყო მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა შემდგომში მათ იმ ადამიანების პრობლემების მოგვარება შეძლებოდათ, რომლებმაც ისინი ამხანაგობის თავმჯდომარეებად აირჩიეს. ეს ფული არის 180 ათასის ფარგლებში, თუმცა რამდენი ადამიანიც მიიღებს სემინარში მონაწილეობას, იმის მიხედვით მოაკლდება ამ ფულს“, - აცხადებს გია ხუროშვილი.

მისივე განმარტებით, ამხანაგობის თავმჯდომარეებს შორის დიდი ნაწილი „ქართული ოცნების“, როგორც პოლიტიკური ძალის მხარდამჭერია. უფრო მეტიც, ისინი არიან არა მხოლოდ უბრალო მხარდამჭერები, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში, მათი კომისიის წევრებიც, კოორდინატორებიც.

„თუ მე მათ გადაბირებას ან დაპურებას ვფიქრობ, ეს იმდენად დიდი აბსურდია, რომ ამის განსჯა საზოგადოებისთვის მიმინდია“, - გვითხრა გია ხუროშვილმა.  

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ლელა ტალიური ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მთავარია, მიზნობრივად გაიხარჯოს ადგილობრივი ბიუჯეტის ფული. ამდენად, რა საჭიროება არსებობს და რა მიზანს ემსახურება ამხანაგობების თავმჯდომარეების სემინარზე ანტალიაში ან სხვაგან გამგზავრება, ეს გაურკვეველია. მისივე თქმით, სავარაუდოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უნდა შეისწავლოს ამ თანხების მიზნობრიობა.

„შეიძლება გვითხრან, რომ ეს ფული ბიუჯეტში იდო წინასწარ და გაწერილი იყო, ამიტომაც ხარჯავენ ამ თანხებს. თუმცა, ერთი შეხედვით, ეს ძალიან დიდი თანხაა და კითხვებს ნამდვილად აჩენს. ამით შეიძლება, თბილისის საკრებულოც დაინტერესდეს“.

რაც შეეხება ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებს, ლელა ტალიური ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ არჩევნების დღე არ გამოცხადებულა და ვერ ვიტყვით, რომ მაინცდამაინც ამ მიზნით ხდება ამხანაგობის თავმჯდომარეების მობილიზება. თუმცა, საინტერესოა, რომელი თემის ირგვლივ უნდა მოხდეს მათი უნარ-ჩვევების ამაღლება და ბიუჯეტს რატომ უნდა დააწვეს ეს თანხა? ამიტომ იურისტი მეტ დასაბუთებას ითხოვს, რათა თანხების არამიზნობრივად განკარგვა გამოირიცხოს.  

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი ჯაბა სამუშია საბურთალოს გამგებლის გია ხუროშვილის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ბიუჯეტიდან პარტიული აქტივის ხელშეწყობა-დაფინანსებას განაგრძობს.

სამუშიასთვის გაუგებარია, რატომ უნდა ხარჯავდეს 180 000 ლარს ამხანაგობების თავმჯდომარეების ტრენინგზე საბურთალოს გამგეობა, მაშინ, როცა რაიონში უამრავი პრობლემაა. კორპუსის ამხანაგობების დიდი უმრავლესობა კი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია და მათი დატრენინგება საპრეზიდენტო არჩევნების წინ პარტიული აქტივის მობილიზაციას ჰგავს.

მისივე განმარტებით, თბილისის ამხანაგობების დაფინანსების წესი მთლიანად შესაცვლელია. ამიტომ უნდა ვკითხოთ საბურთალოელებს, ვაკელებს, გლდანელებს, ისანი-სამგორის რაიონის მაცხოვრებლებს, რა უფრო მნიშვნელოვანია მათთვის, მილიონები იხარჯებოდეს ამხანაგობების თავმჯდომარეებზე, თუ ეს თანხები მიმართული იყოს უშუალოდ კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე.