ცნობილი ხდება, რომ საქართველოში პრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანია ჩამოვიდა. ინფორმაცია ამის შესახებ „საქართველოს გზის“ ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი არ სურთ, უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ალასანია საქართველოში მაშინ ჩნდება, როდესაც ქვეყნის პირველი კრიტიკულ ვითარებაში ვარდება.
„თურმე, პაგონებიანი ბიძა თემურ ალასანია ჩამოსულა საქართველოში... ეს ან იმას ნიშნავს რომ მიშას გაუჭირდა... ან იმას რომ მთელი ოჯახი ძალიან არხეინად გრძნობს თავს... დაკითხვაზე არ უნდა იყოს დაბარებული ნეტავ? და თბილისის მაგივრად მოსკოვს არ უნდა უბრუნდებოდეს მრავალწლიან ეფექტურ სამსახურის დასასრულს?“, -წერს საკუთარ გვერდზე სალომე ზურაბიშვილი.
უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მათი ოჯახის შეფასებით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის რთული, იგრძნეს, რომ ძალიან სერიოზული და კრიტიკული მდომარეობაა.
„სააკაშვილის ბრძოლა გადატანილი აქვს უცხოეთში, ასევე მიმდინარეობს ბრძოლა კონგრესის ქვედა პალატაში და ახლა სენატში გააგრძელებენ. მთელი კონგრესი უნდა დაარწმუნონ, რომ წმინდანი არის ვანო მერაბიშვილი, მაგრამ მათთვის ძალიან ცუდ დროს ჩაგვივარდა ხელთ ეს მასალები, რომელსაც კონგრესაც მივაწოდებთ, ევროსაბჭოსაც და ევროპარლანეტსაც. საქმე ეხება სისტემას, რეჟიმს, რომელიც უთვალთვალებდა თავის ყველა მოქალაქეს და ასეთ რეჟიმებს ხელს არ ართმევენ.
მე არასოდეს არ მეგონა, რომ სააკაშვილის პასუხისმგრბლობის საკითხი ასე ახლოს პოვებდა თავის განხორციელებას. აშკარად იკვეთება, რომ სააკაშვილი როგორც კი დაამთავრებს თავის მოღვაწეობას, შესაძლოა, არა მისი მორალური და პოლიტიკური, არამედ მისი კრიმინალური პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. ძალიან ახლოს არის ამასთან, ამიტომ დაიწყო მან ამნეზიაზე საუბარი, რომ არავის არ იცნობს.
რაც შეეხება ბატონი ალასანიას ჩამოსვლას, სააკაშვილს ახლა დახმარება სჭირდება. ერთადერთი მამრობითი არსება არის ბიძამისი, ვისაც ის ენდობა. იცით, რომ მამამ ვერ შესარულა ის როლი, რაც უნდა შეესრულებინა. ბიძას ძალიან სერიოზული გავლენა აქვა მასზე და როგორც წესი, გასაჭირს დროს ის თავის დისშვილს არ ტოვებს განსაცდელში“, - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.
ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფო გადატრიალებისთვის ემზადება. ხაჭაპურიძე აცხადებს, მას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანია ერთ-ერთ საიდუმლო შეხვედრაზე დაუკვეხნია - თუ რევოლუცია უნდათ, ძალიან მალე მიიღებენო.
„ღიად ვაცხადებ, რომ სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს „ნაციონალური მოძრაობა“. გამოხტა გუშინ ბაქრაძე და ჩვენ ვემიჯნებით ამას, ჩვენ შორს ვდგავართ ამისგან და ასე შემდეგ. სცენარებს წერდნენ წინასწარ. მათი დევიზია, რომ თუ არ გამოდის ფერადი რევოლუცია, მაშინ ძალაუფლება უნდა აიღო ხელში იარაღით! კონფიდენციალურმა წყარომ მომაწოდა ინფორმაცია. სააკშვილის ბიძა, თემურ ალასანია თბილისშია და ერთ-ერთ საიდუმლო შეხვედრაზე დაუკვეხნია - თუ რევოლუცია უნდათ, ძალიან მალე მიიღებენო“, - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.