ალექსეი რეზნიკოვი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების ჩატარების შემთხვევაში ჩვენ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მივიღებთ

ალექსეი რეზნიკოვი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების ჩატარების შემთხვევაში ჩვენ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მივიღებთ

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების ჩატარების შემთხვევაში უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ მან „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენი პოზიცია ნათლად და საჯაროდ ჩამოაყალიბა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების ჩატარების შემთხვევაში ჩვენ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მივიღებთ. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ მოლაპარაკებები შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ მაგიდასთან ჩვენი პარტნიორებიც ისხდებიან, იმიტომ რომ „მინსკი-3“ არაფერში გვჭირდება“, - აცხადებს რეზნიკოვი.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ იმოქმედებს უკრაინა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას შეეცდება, რეზნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების მიტანას არ აპირებენ.

„პარტნიორებთან კომუნიკაციის დროს მე ყოველთვის ვამბობ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შეიარაღების გამოყენებას არ ვაპირებთ. თუმცა გვაქვს საკმარისი რაოდენობის სტრატეგიული მიზნები დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - ამბობს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.