Fox News: ფედერალურმა მოსამართლემ, რომელმაც ხელი მოაწერა დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკის ჩატარების ორდერს, ათასობით დოლარი შესწირა ბარაკ ობამას საპრეზიდენტო კამპანიას

Fox News: ფედერალურმა მოსამართლემ, რომელმაც ხელი მოაწერა დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკის ჩატარების ორდერს, ათასობით დოლარი შესწირა ბარაკ ობამას საპრეზიდენტო კამპანიას

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ, რომელმაც ხელი მოაწერა დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკის ჩატარების ორდერს, ათასობით დოლარი შესწირა ბარაკ ობამას საპრეზიდენტო კამპანიასა და გამარჯვების ფონდს 2008 წელს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი ავრცელებს.

ტელეკომპანია Fox News-ის ინფორმაციით, ბრიუს რეინჰარტმა, ფლორიდის შტატის ფედერალურმა მოსამართლემ, ბარაკ ობამას 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანიას 1 000 დოლარი შესწირა და დამატებით 1 000 დოლარი ობამას გამარჯვების ფონდს.

9 აგვისტოს, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. დონალდ ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.

დონალდ ტრამპმა მომხდარს „ჩვენი ქვეყნისთვის ბნელი დრო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება არაფრით განსხვავდება უოტერგეიტის სკანდალისგან.

მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის რეზიდენციაში თეთრი სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა არ იცოდა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკის ჩატარებას აპირებდა და მომხდარის შესახებ მედიასაშუალებებიდან შეიტყო.