გია ცაგარეიშვილი: პოდოლიაკისნაირი ავყია ადამიანების ნაჭორავებს, შეძახილს თუ წამოძახილს ყურადღებას არ მივაქცევთ

გია ცაგარეიშვილი: პოდოლიაკისნაირი ავყია ადამიანების ნაჭორავებს, შეძახილს თუ წამოძახილს ყურადღებას არ მივაქცევთ

პოდოლიაკისნაირი ავყია ადამიანების ნაჭორავებს, შეძახილს თუ წამოძახილს ყურადღებას არ მივაქცევთ - გამოაქვეყნონ მტკიცებულებები, მეოთხე თვეა ველოდები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინელი თანამდებობის პირები იმის მიხედვით აჟღერებენ ბრალდებებს, რასაც ოპოზიციონერი ხაბეიშვილი ეტყვის მათ.

"ეს ადამიანი, რომელიც იანუკოვიჩის გარემოცვაშიც იყო მოწინავე პოზიციაზე, ჩვენ თითის ქნევით გვასწავლის, როგორ უნდა ვიცხოვროთ, ვიაზროვნოთ, რა ნაბიჯები გადავდგათ და როგორ უნდა ჩავერთოთ მათ შორის, ომში, რომელიც სავარაუდოდ, საქართველოსთვის ფატალური და ტრაგიკული შეიძლება აღმოჩნდეს. ეს რომ ჩვენ ხელისუფლებაში ძალიან კარგად ვიცით, ამიტომ პოდოლიაკისნაირი ავყია ადამიანების ნაჭორავებს, შეძახილს თუ წამოძახილს რა თქმა უნდა, ყურადღებას არ მივაქცევთ, გავაგრძელებთ სვლას იმისთვის, რომ საქართველოში და მთლიანად რეგიონში სუფევდეს მშვიდობა, რომ განვაგრძოთ განვითარება და წინსვლა. ეს არის შეუქცევადი, რაც არ უნდა იჭორაოს პოდოლიაკმა და სხვა უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა. გამოაქვეყნონ მტკიცებულებები, მეც ველოდები უკვე მეოთხე თვეა. მას შემდეგ რაც საშინელი სისხლისღვრა გააჩაღა რუსეთმა უკრაინაში, პირველივე დღიდან დაიწყო ეს ბრალდებები, რომ ჩვენ დაწყებული ყველით, ნადუღით თუ ხაჭოთი, დამთავრებული სამხედრო ტექნიკით, ყველაფერს ვატარებთ რუსეთში, ვართ „შავი ხვრელი“, „შავი გვირაბი“, „შავი ზურგი“, „შავი უბედურება“ ცივილიზებული სამყაროსთვის, ეს სადღაც უნდა დასრულდეს“,- განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მისივე თქმით, ხან უკრაინის სპეცსამსახურები იმუქრებოდნენ, ხან უშიშროების საბჭო, ხან რადა, ხან მთავრობა, ხან საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„ვერც ერთი მტკიცებულება ვერ მოიტანეს. როგორც ჩანს, აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიც და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევები მათთვის არაფერია, მათთვის სავარაუდოდ, უფრო მნიშვნელოვანია ხაბეიშვილი რას მიაწვდის აქედან ვინმე პოდოლიაკს, ჰგონიათ, რომ ამ ტიპის დღის წესრიგით უნდა იცხოვროს საქართველომ. ვერ იცხოვრებს საქართველო ვერანაირად პოდოლიაკის დღის წესრგით. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ უკრაინას გვერდით დავდგომოდით, "- განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ცნობისათვის, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მოსკოვთან თანამშრომლობის სამხილები თუ საჭირო გახდება, წარდგენილი იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით. აღნიშნულით მან „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საქართველოს მთავრობის პოზიცია შეაფასა, კერძოდ, განცხადებები, რომ უკრაინას საქართველოს ომში ჩართვა სურს და რომ უკრაინის ხელისუფლებას არ წარმოუდგენია არანაირი დამადასტურებელი ფაქტი, თითქოს საქართველო მოსკოვთან თანამშრომლობს. „ჩვენ ყველაფერს ამას ვსწავლობთ და საჭირო თუ იქნება, იურიდიულ სამხილებს წარვადგენთ. ხვდებით, რომ არცერთ პირს, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო სანქციებს აწესებს, არ მისცემენ საშუალებას, ამაზე ფული გააკეთოს,“ - განაცხადა პოდოლიაკმა.